მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს არ ჩამოუვარდება - ენერგეტიკოსი

63a1d698dad51
თელარა გელანტია
20.12.22 22:00
888
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს არ ჩამოუვარდება“ - ასე აფასებს BMG-სთან საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლის განხორციელებისთვისაც ევროკავშირს ამ ეტაპზე 2.3 მლრდ ევროს ინვესტირება აქვს გაცხადებული. გასული კვირის ბოლოს კი, ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით.

შავი ზღვის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად „საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით“ კვლევა წელს, მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს. ასევე, ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას $20 მლნ-ით დააფინანსებს.

„თავისი მნიშვნელობით ეს პროექტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის პროექტებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არა მარტო მატერიალური სიკეთე მოუტანა, არამედ გაზარდა მისი უსაფრთხოება. ამდენად, ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

საქმე ის არის, რომ ჩვენ 2017 წლიდან ვართ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ევროპის ბაზრებთან კავშირი არ გვქონდა. შავ ზღვაში კაბელის გაყვანა კი ძალიან დიდ პოტენციალს და პერსპექტივას აძლევს საქართველოს.

მე ძალიან არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს მხოლოდ ტრანზიტული როლი ექნება. ეს ასე არ არის. აქ საუბარია ევროპასთან მწვანე ენერგიის გაცვლაზე. საქართველოს კი, მწვანე ენერგიის დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ჰიდროს, ისე ქარის და მზის მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ, ჰიდროსადგურების და  წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობაზე, რაც გაზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს.
ახლა გვაქვს შანსი, რომელიც შეიძლება არ განმეორდეს - ეს ერთი და მეორე - ჩვენ ახლა ვდგავართ ქართული ენერგეტიკის განვითარების სრულად ახალი ეტაპის დასაწყისში. როგორც დავიწყებთ, ისეთ შედეგს მივიღებთ - კარგი დასაწყისი ნახევარი საქმეაო“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

BMG-ს კითხვაზე - საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ჰიდროელექტროსადგურების განსაკუთრებით კი წყალსაცავიანი, დიდი ჰესების მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინებით, რამდენად რეალურია ქვეყანაში ხუდონჰესის ან ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყება, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თანმიმდევრული და გრძელვადიანი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაში ეს პრობლემა დაძლევადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები