მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს - სსე

63a5594578056
მარიამ ვარადაშვილი
23.12.22 22:27
904
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წელს უნდა დასრულდეს. როგორც ცნობილია კვლევას იტალიური კომპანია ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა. 

“სახელმწიფო ელექტროსისტემამ მაისში შავი ზღვის კაბელის დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყო, რომელსაც საერთაშორისო ტენდერის შედეგად შერჩეული იტალიური კომპანია “ჩესი” ახორციელებს. თავად ეს კვლევა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. მას სხვადასხვა კომპონენტები გააჩნია, რომელმაც ხელი უნდა შეგვიწყოს განვსაზღვროთ კაბელის ოპტიმალური გამტარუნარიანობა. ასევე უნდა ჩატარდეს ბაზრის კვლევა იმისთვის, რომ დავადგინოთ სარგებელი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამასთან, ზუსტი საინვესტიციო ხარჯი უნდა განვსაზღვროთ და თავად კვლევის ფარგლებში უნდა მოხდეს პროექტის ფინანსური მოდელის ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევა. ასევე საკონსულტაციო კომპანია დაგვეხმარება ტენდერის სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაში, რადგანაც ეს საერთაშორისო პროექტია და მასში შესაბამისი სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული”,-აცხადებს ზვიად გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ამ პროექტში სსე-ის მთავარი ფუნქცია ტექნიკური ზედამხედველობაა, რაც ასევე გულისხმობს დონორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობასაც. სსე-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. 

“ეს საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან მან უნდა დააკავშიროს არა მხოლოდ საქართველოს ელექტროსისტემა ევროკავშირთან, არამედ რეგიონის ქვეყნებიც. ეს კაბელი სუფთა ენერგიის წყაროების მიწოდებას უზრუნველყოფს ევროკავშირის ბაზარზე. ის ასევე გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ქვეყანას რეგიონალურ ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს.  ეს კაბელი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარებასა და ინვესტიციების კუთხითაც, რადგან ეს იქნება მთავარი მიმართულება ევროპის ბაზარზე. ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი განახლებადი ენერგიების კუთხით, რაც ამჟამად ათვისებული არ არის და ეს პროექტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს”,-ამბობს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი.

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები