2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია. ვიზიტორების სტატისტიკის შესახებ განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ვიზიტორების სტატისტიკაში ქვეყანაში მყოფი მიგრანტები არ აღირიცხებიან.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღრიცხვისთვის საქართველო იყენებს UNWTO-ს მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ვიზიტორი ეწოდება პირს, რომელიც პერიოდის (თვის/კვარტლის) განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ის დატოვა. შესაბამისად, ამ სტატისტიკაში არ ხვდებიან გრძელვადიანი მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარი არ დაუტოვებიათ.
“ჟღერდება ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ. ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა. საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება - ხდება მხოლოდ ქვეყნიდან გასული ვიზიტორების აღრიცხვა. ამდენად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან ეს ნიშნავს, რომ ადამიანები შემოვიდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ და შემდეგ დატოვეს საქართველო. ეს არის ის მეთოდოლოგია, როემლსაც მიჰყვება მთელი განვითარებული სამყარო,“ - "იმედის" ეთერში განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგია მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს. „ამდენად, ტურიზმის სტატისტიკაში დამატებით სხვა შეფასებების რესურსი და სივრცე არ არსებობს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 582 ათასი თურქეთიდან შედგა, საიდანაც მატება 122%-ია, მეორე ადგილს 577 ათასი ვიზიტით რუსეთი იკავებს, მესამეზე კი სომხეთია.
2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორების ათეული ასე ნაწილდება:
1) თურქეთი - 582,527 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 122,2%
2) რუსეთი - 577,632 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 133,7%
3) სომხეთი - 397,116 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 102,8%
4) ისრაელი - 106,530 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 26,0%
5) აზერბაიჯანი - 85,777 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 29,2%
6) უკრაინა - 67,040 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -5,4%
7) ყაზახეთი - 57,771 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 27,3%
8) ირანი - 50,932 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 36,8%
9) ბელარუსი - 44,570 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 6,2%
10) პოლონეთი - 36,103 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 139,4%
2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვიზიტორების სტატისტიკის გამოქვეყნების სიხშირე შეცვალა. თუკი წარსულში საჯაროვდებოდა ვიზიტორების რაოდენობის ყოველთვიური მაჩვენებლები, ახლა მხოლოდ კვარტალური შედეგები არის ხელმისაწვდომი.