მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეფერხდა თუ არა ამანათების ჩამოსვლა თურქეთიდან, მიწისძვრის შემდეგ?

63f8d0be96a59
ლიკა გურაბანიძე
26.02.23 00:16
877
მიუხედავად თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა, საქართველოში ამანათების ჩამოტანა არ შეფერხებულა. ამის შესახებ bm.ge-სთან საუბარში ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიები ამბობენ. 

გადამზიდი კომპანია “ინექს გრუპის” დირექტორი გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მომხდარის მიუხედავად, თურქეთი კომპანიისთვის კვლავ აქტიურ ბაზრად დარჩა.

“თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ფაქტობრივად კომპანიის გაყიდვებსა და გადაზიდვებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ თურქეთიდან პროდუქციას სახმელეთო გზით ვიღებთ. ამ დრომდე მიწისძვრის მიუხედავად, ლოგისტიკაში შეფერხება არ გვქონია”, - განმარტა კაპანაძემ.

“აიამანათში” თურქეთიდან შემოტანილი 1 კგ ამანათის ღირებულება 3 დოლარია. კომპანიის მთავარ ბაზარს თურქეთი წარმოადგენს. როგორც bm.ge-ს “აიამანათის” დამფუძნებელმა თამთა ნოზაძემ განუმარტა, მომხდარმა მიწისძვრამ კომპანია არ დააზარალა, რადგან მათი საწყობები არც მიწისძვრის ეპიცენტრში და არც მიმდებარედ არ არის.

“თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ არანაირი შეფერხება არ გვქონია. მომხმარებელს აინტერესებდა, შექმნიდა თუ არა სტიქია პრობლემას, თუმცა ჩვენ ამანათების ტრანსპორტირება ჩვეული რიტმით გავაგრძელეთ. ჩვენი ოფისი და ჩვენთის საჭირო მაღაზიები სტამბულშია, შესაბამისად, მიწისძვრას მუშაობისვთვის ხელი არ შეუშლია. ეპიცენტრში მდებარე მაღაზიები ონლაინ გაყიდვებიდან დროებით ისედაც ამოღებულია”, - აღნიშნა თამთა ნოზაძემ.

“ლინექსის” მთავარი ბაზრები თურქეთი და ჩინეთია. კომპანიის მენეჯერი ლალი თათრიშვილი ამბობს, რომ კომპანიას თურქეთიდან ჩამოტანილ ამანათებზე პრობლემები თავდაპირველად შეექმნა, თუმცა დღეს ეს პრობლემა გამოსწორებულია.

“თავდაპირველად გამოწერებმა იკლო. მომხმარებელს შიში ჰქონდა, რომ ამანათებს ვერ მიიღებდნენ, თუმცა შემდგომ ყველაფერი მოგვარდა და ახლა ამანათების მიღება, გაცემა სტაბილურად მიმდინარეობს”, - განაცხადა ლალი თათრიშვილმა.

ცნობისთვის: თითქმის ორი წელია იკვეთება ტენდენცია, რომ საქართველოში ამანათების გამოწერის ნაწილში,  ჩინეთის ბაზარი თურქეთმა ჩაანაცვლა, რისი მთავარი განმაპირობებლი მიზეზიც ჩინეთის ამანათებზე არსებული შედარებით მაღალი ტარიფები, 1 კგ-ზე 11 დოლარი და ქვეყნებს შორის არსებული მანძილი გახდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები