“აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და დღე-დღეზე ველოდებით ფრენების გრაფიკს, ეს შესაძლოა, დღესაც იყოს” - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში ამირან მანჯავიძემ, Vanilla Sky-ს მმართველი კომპანია “სერვის ეარ”-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.
“ჩვენი მხრიდან მთავრობასთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა და ისინიც ძალიან აქტიურად აქცევდნენ ყურადღებას ამ საკითხს. შესაბამისად, შესაძლოა, დღესაც მივიღოთ ფრენის გრაფიკები. ეს იქნება ამბროლაურის და მესტიის მიმართულება ნატახტრიდან. რაც შეეხება მესტია-ქუთაისს, ჯერჯერობით ეს მიმართულება შეჩერებული იქნება, რადგან ქუთაისში არ არის საკმარისი მოთხოვნა, თუმცა, იქნება თბილისი-ბათუმი. ფრენის სიხშირეები, რა თქმა უნდა, არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე გვქონდა, იმიტომ რომ დასაწყისში შეიძლება არ იყოს დატვირთვა და რაოდენობა", – ამბობს მანჯავიძე.
“სერვის ეარ”-ის დამფუძნებლის თქმით, კომპანიამ ფრენები 20 მარტიდან შეწყვიტა. 4 თვის განმავლობაში “სერვის ეარ”-მა დაახლოებით 3 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.
“კოვიდმა, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ჩვენს დაგვაზარალა. ავიაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენ ოთხი თვეა გაჩერებულები ვართ. ამან, რა თქმა უნდა, შემოსავლების კლება გამოიწვია, ამ პერიოდისთვის შემოსავალი უნდა გვქონოდა, დაახლოებით 3 მილიონამდე. ამის გამო ჩვენ შიდა ვალი ავიღეთ, რადგან სახელფასო დავალიანება დღეს შეადგენს, დაახლოებით 1 მილიონ ლარს", – ამბობს ამირან მანჯავიძე.