აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მედიასთან მაკდონალდმა განაცხადა, რომ მისი გზავნილია, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და რეფორმებს, თუმცა არსებობს შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიის ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
“ჩემი გზავნილი აშშ-დან არის ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი. ეს მოითხოვს დიდ შრომას, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ კიდევ არის გასაკეთებელი. დღეს მე მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა დამენახა უფრო ფართო სურათი თუ რა გამოწვევებია ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და რაც მთავარია ის თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
მე ასევე ჩამოვიტანე გზავნილი ვაშინგტონიდან, კერძოდ, შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო. მოგეხსენებათ, ჩემი ვიზიტი ემთხვევა უპრეცედენტო მოვლენებს, ეს არის პუტინის მიერ პროვოცირებული ომი უკრაინაში და ეს არის ის, რისი გამოცდილებაც აქვს საქართველოს. ჩემი ვიზიტი ასევე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც საქართველოს აქვს. ჩემი გზავნილია, რომ გაერთიანდეთ, რათა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მიაღწიოთ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს. ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი პარტნიორები გვყავს მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. აშშ ერთგული რჩება საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებებისა,” - განაცხადა კარა მაკდონალდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.