შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
"დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება", - წერია შპს "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციაში.
შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.