მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საეჭვო გადახდები ქედის მერიაში - აუდიტის მიგნებები

63e7547d039c8
თელარა გელანტია
11.02.23 13:00
837
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქედის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა 2020-2021 წლებში − 28,542,884 ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელებმა -27,134,114 ლარი.

როგორ ანგარიშიდან ირკვევა, აუდიტის შედეგად სხვადასხვა ხარვეზი გამოვლინდა. ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. BMG-ზე კი, შეგიძლიათ გაცენოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ გაიცა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა

2020-2021 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები - ქედის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 2,390,817 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა- განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - შიდა კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, მუნიციპალურ საწარმოს შესაძლებლობა მიეცა არამიზნობრივად განეკარგა საბიუჯეტო სახსრები. მხოლოდ 2020-2022 წლებში საწარმოს დირექტორისა და ბუღალტრის თანამდებობებზე ხელფასის სახით, თვეში რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით, გაცემულია განსაზღვრულზე მეტი თანხა, ჯამში, არანაკლებ − 62,364 ლარი.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნული ფაქტი დეტალურადაა აღწერილი: „მუნიციპალიტეტი 2020-2021 წლებში ახორციელებდა ქვეპროგრამას „ამბულატორიული მომსახურება“, რომლის ფაქტობრივმა ხარჯმა, ჯამში − 358,393 ლარი შეადგინა. ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ შორის გაფორმებული იყო სუბსიდიის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა საწარმოს დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხარჯების ეკონომიით მიღებული ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი გაცემულია დირექტორის და ბუღალტრის ხელფასებზე. აღსანიშნავია, რომ მერთან შეთანხმებული საშტატო ნუსხის თანახმად, დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 520 ლარით, ხოლო ბუღალტრის − 500 ლარით. მიუხედავად ამისა, 2020-2021 წლებში აღნიშნულ ორ თანამდებობაზე ხელფასის სახით გაცემულია განსაზღვრულზე მეტი თანხა, ჯამში, არანაკლებ − 62,364 ლარი. საეჭვო გადახდები განხორციელებულია ყოველთვიურად, თვეში რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით“ - წერია ანგარიშში.

აუდიტორებს სხვა მაგალითებიც აქვთ აღწერილი, რომელიც შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს ეხება:

"მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში დასაქმებულებთან არსებული შრომითი ხელშეკრულებები შაბლონურია, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არ არის განსაზღვრული დასაქმებულის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვ. ასევე არ ხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს და სამუშაოსათვის დახარჯული დროის დადასტურება, მით უმეტეს, როდესაც ქედის მუნიციპალიტეტის შენობაში არსებობს ტექნიკური აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვა, თუმცა ის არ გამოიყენება.  ამასთანავე, მუნიციპალიტეტში არ არის სწორად ორგანიზებული შრომითი ურთიერთობები, კერძოდ, არ ხდება შრომითი პოზიციების საჭიროების განსაზღვრა და მათი სწორად გადანაწილება;

მაგალითად: საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით. აღნიშნული წესის თანახმად, 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 11-ს. მერის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით გაიზარდა ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა და 2020-2021 წლებისათვის საერთო ჯამში განისაზღვრა 31 ერთეულით. წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ირკვევა რაოდენობის ზრდის საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, 2020 წელს 31 პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 15 პოზიციაზე, ანუ 48%,
ხოლო 2021 წელს − 27 პოზიციაზე, ანუ 87%;

შრომითი ხელშეკრულებების შინაარსის გაუმართაობისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლის ნაკლებობის გამო, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც 10 პირი დასაქმებულია ორ სხვადასხვა ან ერთსა და იმავე დაწესებულებაში რამდენიმე პოზიციაზე, სრული განაკვეთით. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში მათმა
ანაზღაურებამ შეადგინა 80,562 ლარი. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერმიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით; 

2020-2021 წლებში შპს „ქედის წყალკანალში“ გამოვლინდა შვიდი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები გავიდნენ კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, მიეცათ საშვებულებო და შვებულების ვადის ამოწურვამდე საწარმოს დირექტორის ბრძანებით გამოძახებულ იქნენ სამსახურში. დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები თანამშრომელთა გამოძახების აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებს შემდგომ პერიოდშიც არ უსარგებლიათ დარჩენილი შვებულების დღეებით. გამომდინარე აქედან, დაწესებულების მიერ ანაზღაურებადი შვებულების მთლიან პერიოდზე ზედმეტად გადახდილია 3,476 ლარი, - წერია ანგარიშში.

გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, ხოლო შრომის ანაზღაურებიდან საშვებულებოს სახით ზედმეტად არის გაცემული 3,476 ლარი.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების განხორციელების ნაკლოვანება - ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 1,061,406 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა არ განხორციელდა სათანადო შესწავლისა და დროული რეაგირების შედეგად. ამასთანავე, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელებას და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების სტატუსის მინიჭებას.

პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაკლოვანება - მუნიციპალიტეტის მიერ არასწორი დაანგარიშების შედეგად, მიმწოდებელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ნაცვლად 12,156.7 ლარისა, დაეკისრა 4,889.7 ლარის გადახდა. ამასთანავე, არ ხდება პირგასამტეხლოს ბიუჯეტში გადახდის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.

ტრანსპორტის ხარჯები

საწვავის გამოყოფის და ხარჯვის ნაკლოვანებები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში ჯამში 106,817ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

მუნიციპალიტეტის ქონება

ქედის მუნიციპალიტეტში ქონების პირდაპირი განკარგვის დროს, ათწლიანი იჯარისათვის საიჯარო ქირა, ნაცვლად დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრისა, დადგენილია ქონების საბალანსო ღირებულებით, რაც ქონების განკარგვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

შიდა კონტროლის სისტემა

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სულ აუდიტის სამსაუხრმა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით 6 რეკომენდაცია გასცა.

რეკომენდაცია N1:

ქედის მუნიციპალიტეტმა ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, გააძლიეროს კონტროლის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ დაგეგმვას და განხორციელებას.

რეკომენდაცია N2:

ქედის მუნიციპალიტეტმა გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და დახარჯული დროის შეფასებას, ხოლო შრომის ანაზღაურების თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პროგრამების/ქვეპროგრამების შედგენა შესაბამისი ფინანსური და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე და გააძლიეროს შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი.

რეკომენდაცია N3:

ქედის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში გამოვლენილი საკითხების დროული და საფუძვლიანი შესწავლა და გადაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ჯეროვან შესრულებას. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების დოკუმენტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დადგენილ ვადაში ასახვა და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა.

რეკომენდაცია N4:

ქედის მუნიციპალიტეტმა დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები და უზრუნველყოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა და ბიუჯეტში მობილიზება.

რეკომენდაცია N5:

ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N6:

ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას. ამასთანავე, შიდა აუდიტის სამსახურმა აუდიტის თემების შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები