შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
როგორც ინფორმაციაში წერია, კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.