სამიზნე ნიშნულზე მაღალი ინფლაციის დასაძლევად, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის კომიტეტის შეხვედრაზე ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და განაკვეთმა 1.75%-იან ნიშნულს მიაღწია.
ბანკის განმარტებით, ინფლაციის სამიზნე ნიშნული 2%-ის ფარგლებშია, ამჟამად კი წლიური ინფლაციის დონე 3.5%-ს შეადგენს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია.
ტრადიციულად, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ინტერვენციებისგან თავს იკავებს, თუმცა მიმდინარე წელი ნამდვილად გამონაკლისია. ცენტრალური ბანკის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ განაკვეთი კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზეც გაიზარდოს.