სინგაპურმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც ეხება როგორც ექსპორტის კონტროლს, ისე ვრცელდება საფინანსო სექტორზეც.
სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სინგაპური უარს იტყვის რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, "ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების" ნივთების მიწოდებას.
ამასთან, სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, VTB ბანკთან, VEB.RF-სთან, Promsvyazbank-სა და Bank Russia-სთან.
იკრძალება ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის და მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის.
იკრძალება ასევე ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორებში.