მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სმარტფონების TOP მწარმოებლები - რომელი ბრენდებია ყველაზე პოპულარული საქართველოში?

648176b7220fa
ლიკა მეგუთნიშვილი
09.06.23 00:00
1614
თანამედროვე სამყაროში სმარტფონები არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სოციალიზაციისა თუ გართობის ერთ-ერთი საშუალებაცაა, რომლებიც მუდმივად იხვეწება, იცვლება და სხვადასხვა ფუნქციებს იძენს. სმარტფონების დახვეწისა და გაუმჯობესების კვალდაკვალ, ცხადია ამ მოწყობილობებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი სმარტფონი იყიდება, პლანეტის მოსახლეობა კი მუდმივად უახლესი ფუნქციების ძიებაშია. მზარდი მოთხოვნის კვალდაკვალ, ცხადია, იზრდება სმარტფონების მწარმოებლების შემოსავლებიც, რის შედეგადაც ისინი მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების რიგებში ირიცხებიან.

სმარტფონების მწარმოებელ უმდიდრეს კომპანიებს შორის Apple პირველობას კვლავაც არ თმობს. აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა, სულ რამდენიმე დღის წინ კი, ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და 184 დოლარი შეადგინა. ამჟამად Apple-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2.8 ტრილიონ დოლარს აღემატება და სხვათა შორის, რეიტინგში ერთადერთი კომპანიაა, რომლის ღირებულებაც ტრილიონს აჭარბებს. კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2007 წელს, iPhone-ის გამოშვებით შევიდა. iPhone-მა მისი ინოვაციური დიზაინით, სენსორული ინტერფეისითა და განვითარებული შესაძლებლობებით მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. წელს Apple ახალ მოდელებს, iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ს გამოუშვებს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება და 3-ჯერ სწრაფი გადაცემის სიჩქარე ექნება.

362 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით სმარტფონების მეორე უმდიდრესი კომპანი არის Samsung. სამხრეთკორეული კომპანია სმარტფონების ფართო არჩევანითაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე პოპულარული Galaxy სერიაა. Samsung-ს სმარტფონების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია და Apple-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. Galaxy-ის ხაზის სმარტფონებს უახლესი ტექნოლოგია, ძლიერი სამუშაო რეჟიმი და ინოვაციური ფუნქციები გამოარჩევს. Samsung-ის გამორჩეულ მოდელებს შორისაა Galaxy S20 და უახლესი Galaxy S21.

154 მილიარდ დოლარად ფასდება კომპანია Huawei და ამ მაჩვენებლით ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სმარტფონების ჩინური მწარმოებელი ბაზარზე 2000-იანი წლების დასასრულს გამოჩნდა და მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის სტატუსი მოიპოვა. Huawei განსაკუთრებით ძლიერი ბაზრით ჩინეთში გამოირჩევა, თუმცა სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს განვითარებას. ბრენდის წამყვან მოდელებს შორისაა Huawei Mate და Huawei P სერიის სმარტფონები. ცნობისთვის, Huawei-ის მოდელები ოპერაციულ სისტემა HarmonyOS-ზე მუშაობს.

სმარტფონების უმდიდრეს მწარმოებელ კომპანიებს შორის მეოთხე ადგილს Sony იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 124 მილიარდ დოლარს შეადგენს. იაპონური კონგლომერატი სმარტფონების ბაზარზე 2010 წელს, Sony Xperia სერიის მოდელების გამოშვებით გამოჩნდა, რომელიც შემდგომში ბრენდის ძირითადი ხაზი გახდა. Sony Xperia-ს სმარტფონები თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის ეკრანებითა და კამერის მოწინავე ტექნოლოგიებითაა ცნობილი.

ხუთეულში, 37 მილიარდიანი კაპიტალიზაციით ხვდება ასევე Xiaomi. ჩინური ელექტრონული კომპანია სმარტფონების ინდუსტრიაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა ბრენდმა მომხმარებლისთვის ფუნქციებით, მდიდარი და ხელმისაწვდომი საფასო კატეგორიის მოდელების შეთავაზებით მოიპოვა. სხვა ბრენდებთან კონკურენტული ფუნქციებითა და ხელმისაწვდომი ღირებულებით Xiaomi-ის მოდელები ყველაზე მეტად ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე იყიდება. ბრენდის ცნობილ მოდელებს შორისაა Xiaomi Mi-სერიები, Redmi სერია და Poco მოდელები.

რაც შეეხება საქართველოს. მობილური ტელეფონებით ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სმარტფონები საქართველოს ტოპ 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის ყოველწლიურად ხვდება. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში 113 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა. საქსტატის ინფორმაციის, ეს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველო სმარტფონების უდიდეს ნაწილს, მობილურების საბითუმო რეალიზების გლობალური ცენტრიდან - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს. მთავარ საიმპორტო ბაზრების ტოპ 5-ში ხვდებიან ასევე: ჩეხეთი, ვიეტნამი, ჰონგ-კონგი და ჩინეთი.

რაც შეეხება ბრენდებს, Statcounter-ის მონაცემებით, საქართველოს ბაზრის, დაახლოებით, 37.75% Samsung-ზე მოდის, Apple-ს სმარტფონებს ბაზრის 27.17% უჭირავს, მესამე ადგილს 18.64%-იანი წილით Xiaomi-ი იკავებს, ხოლო სმარტფონების 4.59% ჰუავეის წარმოებისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები