მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია 9 კომპანიამ მიიღო - ბიუჯეტში გადასახდელი თანხა ₾1.6 მლნ-ზე მეტია

63357862b5f51
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.22 19:35
991
საქართველოს 4 რეგიონში სოჭის გირჩის სარგებლობისთვის გაცემული ლიცენზიებით 215 ტონა გირჩის რეალიზება მოხდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე აუქციონი აგვისტოში ჩატარდა და ლიცენზია 9 კომპანიამ მიიღო.

მათივე ცნობით, საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება.

აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.

„აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდება. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა.

გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები