მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის განვითარების სააგენტო "დანერგე მომავლის" აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

62b461c763237
მარიამ ვარადაშვილი
24.06.22 13:15
1050
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალის“ 2018-2020 წლების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია.

ამასთან, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად 733 291 ლარით დაფინანსდა, ნერგების გარკვეული ნაწილი ასევე გამხმარია. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე აცხადებს, რომ ანგარიშში აღწერელი დანაკარგი თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიით დათვლილ წინასწარ განსაზღვრულ დანაკარგებთან.

“აუდიტმა 2165 დაფინანსების ხელშეკრულება შეამოწმა. ახალი ბაღების გაშენება აგრობიზნესის მიმართულებაა, სადაც როგორც ბენეფიციარის მხრიდან ხდება თანამონაწილეობა, ასევე სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემა. როგორც ყველა ბიზნესს აგრობიზნესსაც საკუთარი რისკები გააჩნია. სოფლის მეურნეობა უფრო მაღალრისკიან ბიზნესად არის მიჩნეული, ვიდრე სხვა დანარჩენი. აქედან გამომდინარე, არის რისკი რომ გარკვეულმა ნარგავებმა არ გაამართლოს. ამ 15 შემთხვევიდან ნაწილი ბენეფიციარების არაკეთილსინდისიერი ქმედების გამოა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უკვე გვაქვს. თანხის ნაწილი სააგენტომ უკვე მიიღო, ნაწილზე კი პროცესი მიმდინარეობს. ორი კვირის წინ საგურამოში ძლიერი წყალდიდობა და სეტყვა რომ მოხდა, ზუსტად ვიცი, რომ 8 ჰა ახალგაშენებული ჟოლოს ბაღის თითქმის 80% წყალმა წაიღო.

აუდიტის ანგარიშში ნახსენები 15 ბაღიდან ერთ-ერთი იყო ისეთი, რომ აპრილის ბოლოს რომ მორჩა ბენეფიციარი გაშენებას, სეტყვამ სრულად, 100%-ით გაანადგურა. ნერგის გახარების კოეფიციენტი სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულია, თუმცა საშუალოდ 80-90%-ს შეადგენს. რაც აუდიტის სამსახურმა შეამოწმა, ჯამში 62 მლნ ლარის კონტრაქტებია. თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტით არგახარების კოეფიციენტი 10%-ია, გამოდის რომ დაახლოებით 3% გაუხარებელი ბაღებია, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგი მაჩვენებელია”,-აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი.

გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ მოსავალს და არა ძირითად საშუალებებს აზღვევს. ჯიბლაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დაზღვევას ეს კომპონენტიც დაემატება.

აუდიტის ანგარიშში ასევე წერია, რომ სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას პროგრამის განხორციელებით ბენეფიციარების მიერ მიღებული მოსავლის ან/და შემოსავლების შესახებ. ჯიბლაძის თქმით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბენეფიციარების მოსავლის ან შემოსავლების შესწავლას და გაცემული თანხის ეფექტიანობას უწყება ამ პროდუქტის ექსპორტის ან/და ადგილობრივ ბაზარზე მისი განთავსებით აფასებს. მისი განმარტებით, ბენეფიციარმა აუდიტის დასკვნით უნდა დაადასტუროს, რომ ბაღი მართლა გაშენდა, სარწყავი სისტემა მოეწყო, რათა მიიღოს პროექტით გათვალისწინებული დაფინანსება.

“ბენეფიციარების ბიზნესის მართვაში არ შევდივართ. არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი გვაქვს იმის, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 500 ჰა და 7 ათასამდე ბენეფიციარის ბაღში ვაკონტროლოთ რა მოსავლიანობა აქვთ. ეფექტიანობის შეფასება მრავალი ფორმით ხდება. მაგალითად, იმპორტის ჩანაცვლება, ასევე ვუყურებთ ექსპორტის მაჩვენებლებსაც. ლურჯი მოცვი რომ ავიღოთ, საქართველოში ეს კულტურა საერთოდ არ არსებობდა და დანერგე მომავლის ფარგლებში გაშენებულმა ბაღებმა უკვე სერიოზული შედეგი დადო”,-ამბობს ჯიბლაძე.

დანერგე მომავლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ასევე წერია, რომ სააგენტომ კახეთში ვაზის ნერგების შეძენა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები იმ სამ ბენეფიციარს დაუფინანსა, რომლებსაც დაფინანსება არ ეკუთვნოდათ. კერძოდ, აუდიტი წერს, რომ პროგრამაში 2020 წლის 5 მარტს შეტანილი ცვლილებით 11 მარტიდან ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსებულიყო კახეთში საღვინე ვაზის ნერგების თანადაფინანსება. მანამდე სააგენტოს მიერ პროგრამაში შესატანი ცვლილების პროექტი მომზადდა და ტებერვლის ბოლოს სამინისტროს გადაეგზავნა, რომელსაც მთავრობის სხდომაზე უნდა გაეტანა. 

ამის მიუხედავად, 2020 წლის 21 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში, კახეთის საღვინე ვაზის ბაღების გაშენების თანადაფინანსების მოთხოვნით, სააგენტოს მიერ მიღებულია ოთხი ბენეფიციარის განაცხადი, მათ შორის: სამი ბენეფიციარის მიერ 2020 წლის 26 თებერვალს და 4 მარტს სააგენტოში წარდგენილ განაცხადებზე, თავდაპირველი დასაბუთებული უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მიზეზების აღმოფხვრის გარეშე, სააგენტომ 2020 წლის 21 აპრილს, 23 აპრილს და 7 აპრილს მიიღო დადებითი გადაწყვეტილებები და გაფორმდა ხელშეკრულებები თანადაფინანსების თანხების გამოყოფის შესახებ.

"მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, არ უნდა დაფინანსებულიყო კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები, თუმცა სააგენტომ მთავრობის დადგენილებების მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, 3 ბენეფიციარი დააფინანსა, ჯამში − 294,800 ლარით, რაც არამიზნობრივი ხარჯია. ამასთანავე, ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239,221 ლარით დაფინანსებულ ბაღში საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია",-წერია ანგარიშში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ცვლილებები ეხებოდა ყველა ბენეფიციარს, მიუხედავად იმისა განაცხადები სააგენტოში წარდგენილი ჰქონდათ ცვლილების შეტანამდე თუ ცვლილების შემდეგ. დადგენილებაში ცალკე გამონაკლისია დაშვებული იმ ბენეფიციარებთან მიმართებით, რომლებსაც განაცხადებები სააგენტოში წარდგენილი ჰქონდათ პროგრამაში ცვლილების განხორციელებამდე და ამ ბენეფიცარებს შორის არ იყო ნახსენები კახეთში საღვინე ვაზის დაფინანსების მსურველები. ამასთან ერთად, აღსანიშნავია რომ სააგენტომ ბენეფიციარებს თავდაპირველად უარი უთხრა სწორედ პროგრამაში შეტანილი ცვლილებების გამო და შესაბამისად მათთან პროგრამაში ცვლილების განხორციელებამდე ხელშეკრულებები გაფორმებული არ ყოფილა.

გიორგი ჯიბლაძე ამბობს, რომ ვენახის გაშენების დაფინანსება უკვე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მოხდა და მთავრობის დადგენილების შემდეგაც სოფლის განვითარების სააგენტომ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები შეასრულა.

“გარკვეული პერიოდი პროგრამაში ვენახის გაშენების კომპონენტი იყო. შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს მიმართულება აღარ ფინანსდებოდა. როცა ეს პროცესი მიმდინარე იყო განაცხადები ჩვეულებრივ მივიღეთ. ბენეფიციარებს დაფინანსების ხელშეკრულებები გაუფორმდათ. შესაბამისად, სააგენტომ ვალდებულება აიღო, რომ ხელშეკრულებების ფარგლებში ისინი დაფინანსებას მიიღებდნენ. ბენეფიციარებმა თავიანთი წილი ვალდებულება შეასრულეს და ამ დროს მთავრობამ განკარგულება გამოსცა. ამის შემდეგ ვაზის ნერგების დაფინანსება დანერგე მომავლის პროგრამიდან ამოვარდა. ჩვენ მოგვიწია უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მათი დაფინანსება“,-ამბობს ჯიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები