სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მაისში სომხეთის ეკონომიკა 13.7%-ით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მთავარი როლი ვაჭრობის სექტორმა შეასრულა, რომელიც პერიოდის განმავლობაში 28.6%-ით გაიზარდა.
სექტორების მიხედვით, ზრდა ასე ნაწილდებოდა - წარმოება - 5.3%; მშენებლობა - 18.4%; ვაჭრობა - 28.6%; მომსახურება - 12.3%.
სომხეთში წელს არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ექსპორტი განაპირობებს. აპრილის განმავლობაში ქვეყნიდან 536 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81%-ით მეტია. მათ შორის სომხეთის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტმა აპრილში 271 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185%-ით მეტია.
ამასთან, მაისში სომხეთში ინფლაციის წლიური დონე 1.3% იყო.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკური ზრდის მაისის დეტალური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.
რაც შეეხება საქართველოს, მაისის ეკონომიკური ზრდის ამსახველ ანგარიშს საქსტატი ხვალ, 30 ივნისს გამოაქვეყნებს. 2023 წლის 4 თვის შედეებით კი, საქართველოში ზრდამ 7.5% შეადგინა.