სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო. ორივე მხარე საარტილერიო შეტევის შესახებ აცხადებს. როგორც უცხოური მედიაგამოცემები წერენ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომეხ სამხედროებს სამ ლოკაციაზე ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათ ასე უპასუხეს სომხების მცდელობას სასაზღვრო რეგიონში ნაღმები და იარაღი განეთავსებინათ. სომხურმა მხარემ კი ცეცხლს ცეცხლითვე უპასუხა.
შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, არიან დაღუპულებიც. სომხური მხარე ჯერჯერობით დაღუპულების შესახებ არ აცხადებს.
სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი ტელეფონით უკვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ენტონი ბლინკენს.
ბლინკენი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ნათელია, რომ კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. მოვუწოდებთ მხარეებს ნებისმიერი სამხედრო ქმედებების შეწყვეტისკენ“, - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონს ეთნიკურად სომხები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლებიდან მანამ, ვიდრე 2020 წელს ექვსდღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა მასზე კონტროლი არ დაამყარა. მაშინ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით შედგა.
თუმცა, რეგიონში დაძაბულობა პერიოდულად იზრდება. გასულ კვირას, სომხეთმა აზერბაიჯანი სასაზღვრო რეგიონში სომეხი სამხედროს მკვლელობაში დაადანაშაულა. ბოლო თვეებში აზერბაიჯანმაც სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ არაერთხელ განაცხადა.