მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12.1-მილიონიანი გამარტივებული კონტრაქტი გააფორმა თურქულ კომპანია Support In Sport Eastern Europe İnşaat ve Spor Hizmetleri-სთან ქვეყნის მასშტაბით არსებული 6 სტადიონის ბალახის საფარის მოწყობასა და მოვლაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ კონტრაქტით, ბალახის საფარი შემდეგ სტადიონებზე უნდა განახლდეს:
• მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური სტადიონი;
• მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონი;
• სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა";
• დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (პეტრო);
• საგურამოს საფეხბურთო ცენტრი (საგურამო);
• ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (დინამო).
“ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი ბალახის საფარის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით), დანართი N1-ის შესაბამისად (მოედანზე ბალახის საფარის დაგების სპეციფიკაცია, დათესვა და ჰიბრიდული სისტემის დაინსტალირება, მოედნის მოწყობა და ტექნიკური მომსახურება),”- ნათქვამია დოკუმენტში.
ბალახის საფარმოვლის ხელშეკრულება ერთწლიანია.