სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის.
„იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი 70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარესამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.