მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ახალი აბონენტების მიერთება გადავადებული გვაქვს - ნარმანია

64c267f276105
მარიამ ვარადაშვილი
27.07.23 18:44
372
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ სვანეთში ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების პროცესი დროებით შეჩერებულია. როგორც ნარმანია bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, ქსელთან მიერთება რეგიონის ახალ კომერციულ ობიექტებს აქვთ შეჩერებული.

“მარეგულირებელ კომისიას გადავადებული აქვს ყველა ახალი აბონენტის მიერთება, რადგან მუნიციპალიტეტში ქსელი მეტ დატვირთვას ვეღარ იტანს. მნიშვნელოვანია, ყველამ გადაიხადოს ელექტროენერგიის ღირებულება, სხვა შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ "ენერგოპრო ჯორჯიას” იქ დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს და მოაწესრიგოს ქსელი. მოსახლეობის ნაწილში მოხმარება შედარებით მცირეა, აქ პრობლემას წარმოადგენს კრიპტოვალუტის ობიექტები და კომერციული ობიექტები. მათი მცირე ნაწილი იხდის.

არის ახალი ობიექტები, რომელთა მიერთებაც შეჩერებულია, ჩვენ, როგორც რეგულატორი, ვფიქრობთ, რომ მათთან ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს და უნდა გადაიხადონ და მხოლოდ ამ პირობით უნდა მიუერთდნენ ქსელს", - აცხადებს ნარმანია.

როგორც კომისიაში განმარტავენ, ხელშეკრულებით კომერციულმა ობიექტებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ისინი ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდიან. აღნიშნულ საკითხზე სემეკში მუშაობა მიმდინარეობს, თუ რამდენ ხანს იქნება ახალი კომერციული ობიექტების ქსელზე მიერთება შეჩერებული, ჯერჯერობით უცნობია. 

სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგი უკვე წლებია ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემას ქმნის, რის გამოც გასულ წლებში ქსელები გადაიტვირთა. ამას კი, მიმწოდებელი კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა და გადამცემი ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები