მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადი დადგინდეს და ყველაფერი მოგვარდება - გიორგი აბრამიშვილი

61cdbacc08580
დავით ჯალაღონია
30.12.21 21:50
716
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების დრამატულად ზრდის გამო, 24 დეკემბერს ქვესადგურები გამოირთო, რის გამოც ადგილობრივებს ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებოდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოხმარების ზრდის მიზეზი კრიპტოვალუტების წარმოებაა (მაინინგი), რა დროსაც შესაბამისი დანადგარები იმაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგიას ხარჯავენ, რაც ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო მიზნებით გვჭირდება.

მართალია, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შემდეგ, ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, დღის ცალკეულ მონაკვეთში, დაბა მესტიის ამა თუ იმ უბანში ელექტროენერგიის მოხმარების რადიკალური ზრდა ქვესადგურების მწყობრიდან გამოსვლას იწვევს და ადგილობრივების ნაწილი პერიოდულად ისევ უშუქოდ რჩება. თავად მესტიის მერი გამოსავალს მაინერების გამორთვასა და აკრძალვაში ხედავს.

ენერგოსექტორის მოსაზრებების გასაცნობად BMG განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი აბრამიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სვანეთის მოსახლეობამაც უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადი, რაც მოხმარების რეჟიმს დაარეგულირებს.

"მე ვფიქრობ, რომ გამონაკლისების გაკეთება არასწორია. გამონაკლისი შეიძლება მიზნობრივად დაწესდეს და არა - საყოველთაოდ. ვინც სოციალურად დაუცველია, ვისაც რაღაც გასაჭირი აქვს, ელექტროენერგიის გადასახადი დაუფინანსდეს. ზოგადად, ვთვლი, უფრო სწორი იქნება, რომ დანარჩენი საქართველოს მსგავსად სვანეთიც იგივე რეგულაციაში ხვდებოდეს, გადასახადი (ელექტროენერგიის) დადგინდეს და შემდეგ ყველაფერი მოგვარდება, მერე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც დაიწყებს “ენერგო-პრო ჯორჯია” და ქსელიც უკეთეს მდგომარეობაში ჩავარდება.

რაც შეეხება მაინინგს, ამაში არაფერია ცუდი, თუ ენერგიის საფასურს იხდის ადამიანი. ეს არ უნდა აკრძალო, უამრავი ხალხი თანხას შოულობს, შემოსავალი შემოსდით, რომელიც ისევ ეკონომიკაში ბრუნდება. მაინინგში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მაგრამ ეს სხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. დანარჩენი მომხმარებელი არ უნდა იხდიდეს იმას, რასაც ესენი იყენებენ ასეთი გაზრდილი მოცულობით. ჩემი აზრით, ეს არის პრობლემის მოგვარების გზა", - მიიჩნევს გიორგი აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები