მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწორი პოლიტიკაა, როდესაც დროებითი ფაქტორის ფონზე რეზერვებს ვაგროვებთ - ლეჟავა

6450e3441bafa
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.23 20:16
661
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, სებ-ი სწორ პოლიტიკას ატარებს, როდესაც მაღალი სავალუტო შემოდინებების ერთჯერადი ფაქტორების ფონზე, რეზერვებს აგროვებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მარტში უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ინტერვენცია განახორციელა და $220 მილიონი შეიძინა. მთლიანად წლის პირველ კვარტალში სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვების ზომა 460.5 მილიონი დოლარი იყო.

როგორც პაპუნა ლეჟავა აცხადებს, ლარის გაცვლითი კურსი უფრო მყარი იქნებოდა, რომ არა ეს ინტერვენციები, თუმცა სანაცვლოდ ქვეყანას მომავლისთვის უფრო ნაკლები რეზერვები ექნებოდა.

“ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ინტერვენციები იქნებოდა უფრო ნაკლები, ლარის გაცვლითი კურსი უფრო მეტად გამყარდებოდა, თუმცა სწორი პოლიტიკაა, როდესაც გვაქვს ასეთი დროებითი ფაქტორები მაშინ უნდა დაგროვდეს რეზერვები და თუ მოხდა გადინება იმ დროისთვის საკმარისი რეზერვები გვქონდეს. მსგავსი მაგალითი იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მილიარდი დოლარი დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია და უფრო მეტი დეპოზიტარი გადმოვიდა უცხოური ვალუტიდან ლარზე და ამასაც თავის გავლენა აქვს კურსზე,”- აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $700 მილიონზე მეტად გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები