მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სხვადასხვა უბანში პარკირებას განსხვავებული ფასი უნდა ჰქონდეს”-ექსპერტი

6491b5f283943
ანუკა ჯოხაძე
21.06.23 00:05
898
მიმდინარე წლის ოთხ თვეში პარკირების წესების დარღვევისთვის 10 923 500 ლარია გამოწერილი, - ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-სთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად წლების განმავლობაში შეადგენდა:

2021 წელს - 6 164 730 ლარს;
2022 წელს - 12 840 530 ლარს;
2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარს.

ჯარიმების ზრდის პარალელურად დედაქალაქში შემცირებულია საპარკინგე ადგილების ჯამური ოდენობაც.

თბილისის მერიის მხრიდან პარკირების მოსაწესრიგებლად გატარებულ პოლიტიკას ემხრობა ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დამფუძნებელი და გაეროს ექსპერტი გელა კვაშვილავა, რომელიც ამბობს, რომ ქალაქმა ამ მიმართულებით პოლიტიკის უწყვეტი განხორციელება უნდა გააგრძელოს იმისთვის, რომ ხელშესახები ცვლილებები იყოს. მისი თქმით, ზონალურ სააათობრივი პარკირების სისტემა უნდა გაფართოვდეს და უბნების მიხედვით განსხვავებული ტარიფები ამოქმედდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა აპლიკაცია, რომელიც მარტივად მოხმარებადია. აღსრულების კუთხით აღსრულება კანონის ხორციელდება ძალიან სწრაფად ხორციელდება. თუ რაღაც პოლიტიკა გაქვს, აღსრულებაც უნდა არსებობდეს. იქ სადაც ზონალურ საათობრივი სისტემა მოეწყო მოწესრიგდა პარკირება. ადგილობრივ მაცხოვრებელსაც აქვს თავისი ადგილი და უფრო მოწესრიგებულია, მათ აქვთ თავიანთი ადგილი. თუმცა ეს უნდა გაგრძელდეს და ეს ცალსახაა ეს რეფორმა, ეს სისტემა უნდა შეიკრას.

ფასთაშორის განსხვავება პარკირებაზე აუცილებლად უნდა იყოს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულებაა უბნებში საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნაზე. იმ უბანში, სადაც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ბუნებრივია პარკირების საფასური უფრო მაღალი უნდა იყოს. “-ამბობს გელა კვაშილავა.

ცნობისთვის, დღეს დედაქალაქში პარკირების მოქმედი სისტემის თანახმად, ავტომობილის გასაჩერებლად ერთკვირიანი, 6 თვიანი და ერთწლიანი საშვია საჭირო. ერთკვირიანი საშვის ღირებულება 4 ლარია, ექვსთვიანის - 25 ლარი, ხოლო ერთწლიანი საშვის ღირებულება 50 ლარია.

პარკინგის საშვთან ერთად, ზონალურ-საათობრივ პარკინგზე გასაჩერებლად დადგენილია საფასური - საათში ერთ ლარი. მძღოლს, აგრეთვე, შეუძლია ვადიანი საშვების შეძენაც, რომლის საფასურის შესახებ ინფორმაცია თბილისის პარკინგის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ამასთან, იმ ქუჩებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი სისტემა მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება არის უფასო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები