მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითური გზით 4,3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მიითვისეს

5e5fb3992678f
ელენე გოგბერაშვილი
05.03.20 10:15
2660
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეტაპობრივად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით მისაკუთრების შემთხვევების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები არ არის.

მხოლოდ გასულ წელს საგამოძიებო სამსახურმა 10-მდე ასეთი ფაქტი გამოავლინა.

უწყების მიერ bm.ge-ისთვის მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 9 შემთხვევაზე აღიძრა საქმე. გამოძიება 31 პირს ჯამში 4, 380,402 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავება.

საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე მხოლოდ 2017 წლის სტატისტიკაა საჯარო. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით თაღლითობის შემთხვევები 2017 წელს 6%-ით გაიზარდა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა) 2017 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 93 საქმეზე. სისხლისსამართლებრივი დევნა 114 პირის მიმართ იქნა დაწყებული. 2016 წელს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 82 ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისად, სხვაობამ 6.29% შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითური გზით სახელმწიფო ქონების მორიგი მისაკუთრების ფაქტი ორი დღის წინ გამოავლინა. 2020 წელს გამოვლენილი ეს პირველი შემთხვევაა. დაკავებულია ორი პირი, რომელთაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჭიათურაში 3460 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაირეგისტრირეს.

მსგავს შემთხვევებს იურისტი რაულ აგიკიანი საკანონმდებლო ხარვეზით ხსნის. როგორც ის განმარტავს, დღეს მიწის საკუთარებაში აღირების პროცესი გაუმჭვირვალეა და ბევრს უჩენს ცდუნებას, კანონის გვერდის ავლით სახელმწიფო ქონება საკუთებაში დაირეგისტრიროს.

“კანონმა უნდა შექმნას ის გარემო, რომ ერთ პირზე, ერთ ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული საკუთრების უფლების აღიარება ან არაღიარება. ეს ყველაფერი შეიძლება გამარტივდეს თუ სახელმწიფო იტყვის, რომ მე სტრატეგიულად სჭირდება ესა და ეს ობიექტი და ამის შემდეგ აგერ გამჭვირვალე სისტემა, აგერ საჯარო რეესტრი, დააწესოს კრიტერიუმები და წავიდეს ეს პროცესი საჯარო რეესტრში. რაღა საჭიროა გამგეობებში კომისია, საკრებულოებში კომისია, ვიღაცა თანამდებობის პირი, გამარტივება შეიძლება ამ ყველაფრის“, - აცხადებს აგიკიანი.

ინფორმაციისთვის: თაღლითური გზით სახელმწიფო ქონების მისაკუთრება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ისჯება, რაც მაქსიმალურ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისიწნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები