მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითური ქოლ ცენტრების საქმიანობა გაზრდილია - FMS-ის ანგარიში

5f147bc6d7808
BM.GE
19.07.20 19:40
2610
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (FMS) ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს უწყებამ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონის დარღვევის 128 შემთხვევა გამოავლინა. სამსახურის ანგარიშში განხილულია ის ძირითადი სამართალდარღვევების სახეები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული. ამ სამართალდარღვევებს შორისაა თაღლითური სქემები, როდესაც ქოლ ცენტრების მეშვეობით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანა და მათი კუთვნილი თანხების დაუფლება ხდება. 

“2019 წელს შედარებით გაიზარდა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა. მსგავსი კომპანიები უშუალო სატელეფონო კონტაქტს ამყარებენ პოტენციურ მომხმარებლებთან საზღვარგარეთ და სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, ინვესტიციის განხორციელებას და ა.შ. მართალია, ქოლ-ცენტრის საქმიანობა ლეგიტიმური ბიზნესია, თუმცა, რიგ შემთხვევაში თანხის გადახდის შემდეგ მომხმარებელი ან საერთოდ ვერ იღებს წინასწარ შეთანხმებულ მომსახურებას ან იღებს გაცილებით დაბალი ხარისხის სერვისს (ე.წ. „ბოილერ-რუმ სკემი“). შემდეგ ეტაპზე ხდება ამ გზით მოზიდული თანხის გადარიცხვა სხვა ქვეყანაში ან ნაღდი სახით გატანა ბანკიდან.

მსგავსი, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბის, თაღლითობა შეინიშნებოდა საქართველოს მოქალაქეების მიმართაც. ამ შემთხვევებში უცნობი პირების მიერ მსხვერპლისთვის ე.წ „მომსახურების“ ან „პროდუქტის“ შეთავაზება ხორციელდებოდა სოციალური ქსელების საშუალებით გზავნილების გაგზავნისა და რეკლამის განთავსების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით ეს ტრენდი სულ უფრო მზარდი ხასიათისაა,”- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობას, ის 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. წლების მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ასეთია:

2016 წელი - 118 შემთხვევა;
2017 წელი - 148 შემთხვევა;
2018 წელი - 137 შემთხვევა;
2019 წელი - 128 შემთხვევა.

დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ფულად ნაკადებთან დაკავშირებით სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომერციული ბანკები არიან, რომლებმაც გასულ წელს 685 საეჭვო ტრანზაქციაზე გააკეთეს შეტყობინება. მისო-ების მიერ 115 შეტყობინება, ხოლო აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან კი 304 საეჭვო ტრანზაქციაზე იყო სამსახურში შეტყობინება შესული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები