მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე წარმატებით მოქმედებს - აზარაშვილი

64660765b2b11
BM.GE
18.05.23 15:13
372
„ანაზღაურების დიაგნოზთან შეჭიდული - DRG მექანიზმი, უკვე არაერთი წელია, წარმატებით მუშაობს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ერთი წლის წინ, ამ ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ პროგრამა მხოლოდ რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში, პილოტურ რეჟიმში მუშაობდა. წელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან, სამედიცინო სერვისებზე სტანდარტიზებული ფასები განისაზღვრა, რომლებიც თანაბარია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურ, გეგმაზომიერ განკარგვაზე იმგვარად, რომ არ შეფერხებულიყო მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სერვისებზე და სამედიცინო დაწესებულებებს კვლავ მისცემოდათ განვითარების შესაძლებლობა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეხდინა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც სამართლიან, გამჭვირვალე და ხარჯთეფექტურ მექანიზმებს ეყრდნობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ: 1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. აღნიშნული მოდელით, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ ამ სისტემით, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ ვრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

1. გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
2. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;
3. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
4. მშობიარობა / საკეისრო კვეთა;
5. ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;
6. კომბუსტიოლოგია;
7. თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში (დაფინანსდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები