მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში შექმნილი ფინტექ-კომპანია Raisin-ი და Deposit Solutions-ი ერთიანდებიან

60db470b940c3
თამთა ჯიჯავაძე
30.06.21 00:00
874
თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Raisin-ი და გლობალურ ბაზარზე აღიარებული კიდევ ერთი გერმანული ფინტექ-კომპანია Deposit Solutions-ი ერთიანდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Deposit Solutions-ი ავრცელებს. გაერთიანებულ კომპანიას Raisin DS-ი დაერქმევა. Deposit Solutions-ის ცნობით, მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანიები იმუშავებენ შერწყმის პროცესის დასრულებაზე, თუმცა ძირითადი პროცედურები ამ კუთხით უკვე დამთავრებულია, საჭიროა მისი ოფიციალურად გაფორმება.

„ჩვენ შორის არსებული ჯანსაღი კონკურენცია დაგვეხმარა ორივეს, რომ ათწლეულის მანძილზე უფრო ძლიერ, ჭკვიან და ურთიერთშემავსებელ კომპანიებად ჩამოვყალიბებულიყავით. ახლა კი დრო მოვიდა, ჩვენი ძლიერი მხარეები გავაერთიანოთ და Deposit Solutions-ის ღია ბანკინგის წამყვანი ინფრასტრუქტურა და Raisin-ის შეუდარებელი B2C წვდომა ევროპის სადეპოზიტო ბაზარზე ერთ კომპანიად ვაქციოთ. დადგა დრო, გავაერთიანოთ ჩვენი მსოფლიო დონის გუნდები და გამოცდილება“, – წერს Deposit Solutions-ი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთად, როგორც გერმანელი ფინტექ-ჩემპიონები, ინდუსტრიის სტანდარტებს საინვესტიციო და სადეპოზიტო ბაზარზე გაზრდიან და ევროპის საბანკო სექტორს მნიშვნელოვან გადაწყვეტებს შესთავაზებენ.

ორივე კომპანიის CEO – თამაზ გიორგაძე და ტიმ სივერსი თანახელმძღვანელებად დარჩებიან, ხოლო წლის ბოლოსთვის სივერსი კომპანიის მრჩეველთა საბჭოში გადაინაცვლებს.

„Deposit Solutions-მა და Raisin-მა ბაზარს მნიშვნელოვანი ინოვაციები შესთავაზეს, ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. Deposit Solutions-ის და Raisin-ის გაერთიანებით ჩვენ ორ გერმანელ ინოვაციურ ლიდერს ევროპის ჩემპიონად ვაქცევთ, რომელსაც გლობალური ამბიციები აქვს“, – განაცხადა ტიმ სივერსმა.

„Raisin DS არღვევს ბარიერებს და სადეპოზიტო და საინვესტიციო პროდუქტების გამჭვირვალე ბაზრის გრძელვადიან ხედვას აძლიერებს. ჩვენ გვინდა, ფინანსური სისტემის გაუმჯობესებაში წვლილი შევიტანოთ, რაც მომხმარებლების ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებს უკეთ მოემსახურება და ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ ძლიერი ხერხემალი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა თამაზ გიორგაძემ fintechnews-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ორივე კომპანია წამყვან ევროპულ ფინტექ-კომპანიას წარმოადგენს.

Deposit Solutions-მა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. შექმნა ახალი ღია ინფრასტრუქტურა გლობალური სადეპოზიტო ინდუსტრიისთვის. დღეისთვის კომპანია 200-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს ორი კონტინენტის 20-ზე მეტ ქვეყანაში. Deposit Solutions-ი ევროპასა და აშშ-ში 30 მილიონზე მეტ დეპოზიტარს აკავშირებს.

თამაზ გიორგაძის მიერ დაფუძნებულ ფინტექ-კომპანია Raisin-ს კი, რომელიც გერმანიაშია ბაზირებული, 355,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შვიდი წლის წინ დაწყებული სტარტაპი დღეს უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში 103 ბანკთან თანამშრომლობს. აღნიშნული რიცხვები ერთი წლის წინ, როდესაც თამაზ გიორგაძესთან Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა, გაცილებით დაბალი იყო. Raisin-ი მომხმარებელს სასურველი სადეპოზიტო პროდუქტების ერთ სივრცეში ერთმანეთთან შედარებასა და ამორჩეული პროდუქტის შეძენაში ეხმარება. გარდა ამისა, Raisin-ი ხელს უწყობს ბანკებს, მიიღონ წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები