მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე თბოსადგურები 2-ჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარენ, საჭიროა ახლის მშვენებლობა - ენერგეტიკოსი

6478afbfab8f0
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 23:00
550
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ახალი თბოსადგური სჭირდება.

საუბარია მთავრობის მიერ დაანონსებულ პროექტზე, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. დღეს ქვეყანაში სულ შვიდი თბოსადგური ფუნქციონირებს. მათგან ტყიბულის თბოსადგური ფაქტობრივი ბალანსიდან ჩანს, რომ წელს გაჩერებული იყო.

“ახალი ტიპის თბოსადგურები თითქმის 2-ჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების პროცესში, ძველ თბოსადგურებთან შედარებით. მათი ეფექტიანობა დაახლოებით 56%-ის ფარგლებშია. ჩემი აზრით, ძველი ბლოკების ჩანაცვლება უნდა იყოს მთავარი მიზანი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ეს პირველ რიგში მოიტანს ბუნებრივი გაზის დიდ ეკონომიას. ამას გარდა, ორჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ იგივე გაზით, რასაც ეს ძველი ბლოკები დღეს გამოიმუშავებენ. გარემოსდაცვის საკითხიც დგას, რადგან კომბინირებული ციკლის თბოსადგურებში ტექნოლოგია გაცილებით მაღალ დონეზეა დამუშავებული, ვიდრე ძველი ბლოკებში. ამიტომ ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და უნდა განხორციელდეს",-ამბობს პაატა ცინცაძე.

მისივე თქმით, ინვესტორისთვის ეს პროექტი რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს საინტერესო ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდება და სტაბილური ფასი. კერძოდ, ინვესტორს აზერბაიჯანთან არსებული კონტრაქტების წყალობით, გაზის გარანტირებული მიწოდება ექნება და მას ბუნებრივი აირის თავისუფალ ბაზარზე შესყიდვა არ მოუწევს, სადაც ფასი ხშირად მერყეობს.

“ჯერჯერობით თბოსადგურებს გაზს 143 დოლარად ვაწვდით, რაც საკმაოდ დაბალია. ფასიც და მიწოდების გარანტიებიც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მიმზიდველი იქნება ის, რომ ჩვენ ორსაფეხურიანი ტარიფი გვაქვს და თბოსადგური მუშაობს თუ არა სიმძლავრის გადასახადს მაინც ვუხდით, რათა ნებისმიერ დროს შევძლოთ მისი გაშვება. ესეც საკმაოდ სერიოზული გარანტიაა, რადგან ბაზარზე შესაძლოა ისეთი რამ მოხდეს რომ გარკვეული ოდენობის ელექტროენერგია საჭირო არ იყოს, მაგრამ ამით ინვესტორი არ დაზარალდება და სიმძლავრის გადასახადს მაინც მიიღებს. დაბოლოს ქვეყანაში ბოლოს წლებში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნაა”,- ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები