მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელთა ტესტირება კლუბების საოპერაციო ხარჯებს 18%-20%-ით გაზრდის - Oktopus

603e4f6f52ff6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 19:30
1103
შრომის ინსპექციამ სპორტული დარბაზების ოპერირებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელშიც, როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, მცირედი ცვლილებები შევიდა.

BM.GE-ისთან საუბრისას ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუსის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი განმარტავს, რომ რეგულაციებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა და მათი კლუბი ამოქმედებას 15 მარტიდან გეგმავს, რაზეც მომხმარებელთა მხრიდან ინტერესიც არსებობს.

"ძირითადად, რაც შეიცვალა რეკომენდაციებში ეს არის ერთი - პირბადის გამოყენება, რაც ყველა ზონაში ნებისმიერი პირის მიერ პირბადის ტარებას გულისხმობს. მომხმარებელს პირბადის მოხსნა მხოლოდ მაღალინტენსიური ვარჯიშების შესრულებისას შეუძლია, რომლის დროსაც სუნთქვის გახშირება ხდება, ამ დროს მან ვარჯიში დისტანციის დაცვით უნდა განაგრძოს, ხოლო მარტივი ვარჯიშის დროს, როგორიცაა, მაგალითად, ხელის კუნთის ან ფეხის ვარჯიშები, რომელიც არ არის ინტენსიური, ამ დროს პირბადე უნდა ეკეთოთ. ეს პრაქტიკა აშშ-ში არსებობს და სწორედ ამ რეგულაციების დაცვით იქ ფიტნეს სპორტ-კლუბები არ დახურულა“, - განმარტავს გიორგი ასათიანი.

„ოკტოპუსის“ ხელმძღვანელი ფიტნეს ცენტრებისთვის მეორე მნიშნელოვან ცვლილებაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, ყოველთვიურად ყველა თანამშრომელი გატესტონ, რაც საოპერაციო ხარჯებს 20%-მდე უზრდით.

„სპორტ კომპლექსები ვალდებულნი არიან, ყოველ 2 კვირაში თანამშრომლების 50% გატესტონ, რაც თვიურად 100%-ს ნიშნავს. ჩვენ 15 მარტამდე უნდა დავრეგისტრირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ბმულზე და დავიწყოთ ტესტირების პროცესი. ლაბორატორიის არჩევანში, როგორც ვიცით, შეზღუდულები არ ვართ.

ხარჯვითი ნაწილი პანდემიის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია. ყველაზე დიდი ხარჯი რაც გვქონდა დაკეტვების პერიოდში მოგვადგა, რადგან გვაქვს ბანკის ფინანსური ვალდებულებები, რომელიც რაც უნდა გადავადდეს, მაინც ჩვენი გადასახდელია და პროცენტებიც გვიგროვდება. ამას ემატება ის ფიქსირებული ხარჯები, რაც დაკეტვა-გახსნასთან დაკავშირებული არ არის და ის ხარჯებიც, რომელიც გულისხმობს დაკეტვა-გახნის ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვე ყველა თანამშრომლის გატესტვა მოგვიწევს, კლუბების საოპერაციო ხარჯები 18%-20%-ით გაიზრდება“, - უთხრა BM.GE-ის „ოკტოპუსის“ დამფუძნებელმა.

მიუხედავად ამისა, ფიტნეს ცენტრის მფლობელი აღნიშნავს, რომ კომპანია მომსახურების ღირებულების გაზრდას არ აპირებს.

„მაქსიმალურად გვინდა იგივე საფასო პოლიტიკა შევინარჩუნოთ, რადგან ვიაზრებთ ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას. თუ კლუბი ვერ გაისტუმრებს არსებულ ხარჯებს, ამის შემდეგ მოგვიწევს ფასების გადახედვა“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები