თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, ინვესტორი - ებრაული კომპანია KASS GROUP-ი თბილისის ანძის მოდერნიზებას იწყებს, თუმცა შეცვლილი პროექტით. BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თავართქილაძე ამბობს, რომ პროექტის დასრულების ვადები ორი წლით გადაიწევს. ცნობისთვის, პროექტი 2024 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.
„მთაწმინდის ანძის პროექტის შეთანხმება მოხდა ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. ეს ცვლილებები გამოწვეული იყო დეტალური პროექტირების დროს აღმოჩენილი სიახლეებისგან, პროექტი უფრო დაიხვეწა. პროექტის განხორციელების არეალი შემცირდა. ვიზუალური კუთხითაც უკეთესია, ნაკლები გავლენა ექნება ანძაზე. შორიდან შეხედვის შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ აღიქვა, რომ იქ რამეა შეცვლილი.
აქაც, სამწუხაროდ, ხელშეკრულების ვადები გვაქვს დარღვეული, კოვიდპანდემიის და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა კომპანია დღეს მზად არის, რომ განახორციელოს აღნიშნული პროექტი. მიმდინარეობს ხელშეკრულების ვადების დაკორექტირების პროცესი, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება თბილისის მთავრობას, შემდეგ საკრებულოს და კომპანია შეძლებს განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა თავართქილაძემ.
bm.ge უკვე დაუკავშირდა ინვესტორ კომპანიას. როგორც KASS GROUP-ში აცხადებენ, პროექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. „საბოლოო ვიზუალური მხარე შეთანხმებულია და გადავდივართ პროექტირების აქტიურ ეტაპზე“, - ამბობენ კომპანიაში.
ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.