მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის ტენდერი ერთ კომპანიაზეა მორგებული”-იურისტი

6463a35810bd2
ანუკა ჯოხაძე
17.05.23 00:15
2155
კონსოლიდირებული ტენდერი მხოლოდ თბილისის მერიისთვის - თუ აქამდე ამ სახის ტენდერით ერთდროულად რამდენიმე ან ყველა სახელმწიფო უწყებისთვის საჭირო საქონლის ან მომსახურების შეძენა ხდებოდა, ახლა კონსოლიდირებული ტენდერით თბილისისთვის 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG გაზზე მომუშავე ავტობუსის შეძენაა გეგმაში. წინადადებების წარსადგენად მიმწოდებელ კომპანიებს კი, მხოლოდ 2-დღიანი ვადა ექნებათ. შესყიდვაზე შეთავაზებების წარდგენა 18 მაისს დაიწყება და 19-ში დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება, მათ შორის უშუალოდ შესყიდვის ზღვრული ფასი 1,529,275 ლარია, რაც ჯამში 244,684,000 ლარს შეადგენს.

იურისტი ბადრი ნიაური ამბობს, რომ სატენდერო პირობები განსაკუთრებით საყურადღებოა. მისი თქმით, ტენდერი ისე არის შედგენილი, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ის კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტზეა მორგებული. მისი თქმით, საჯარო უწყებების მხრიდან გამოცხადებულ ტენდერებში მსგავსი მიდგომა კარგად ნაცადი პრაქტიკაა.

“ავტობუსებს უნდა ჰქონდეთ გარბენი 3000 კილომეტრი ანუ ზუსტად არის დათვლილი ის მწარმოებელი ქარხანა, საიდანაც უნდა შემოვიდეს ავტობუსი. კომპანიას უნდა ჰქონდეს 11 მეტრზე მეტი სიგრძის არანაკლებ 3000 ავტობუსის მიწოდების გამოცდილება. ხოლო CNG, ანუ გაზზე მომუშავე ავტობუსების შემთხვევაში 500 18 მეტრიანი ავტობუსის მიწოდების გამოცდილებაა სავალდებულო. ჩანს რიცხვებში, რომ სასურველ კომპანიას აქვს მხოლოდ 500 ერთეული CNG ავტობუსის მიწოდების და 3000 ერთეული 11 მეტრზე მეტი სიგრძის ავტობუსის მიწოდების შესაძლებლობა, რაც ეჭვებს აჩენს,”-ამბობს იურისტი ბადრი იურისტი.

ნიაურის თქმით, კიდევ ერთი ნიუანსი რის გამოც ამ შემთხვევაში კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი კომფორტი იყო გასაჩივრების საკითხია. კონსოლიდირებულ ტენდერში გასაჩივრების კომპონენტი დაშვებული არ არის შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს შესყიდვების სააგენტომ ის ძალაში დარჩება და ვერ გასაჩივრდება.

“თუ კი რომელიმე მწარმოებელი შემოვა ტენდერში თუნდაც იმისთვის, რომ შესყიდვაში დააფიქსიროს საკუთარი თავი და ჰქონდეს მცდელობა, რომ ბაზარზე შემოვიდეს, კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში არ ხდება გასაჩივრება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ის შევა ძალაში და ვერ გასაჩივრდება, ”-აცხადებს იურისტი ბადრი ნიაური.

ცნობისთვის: 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, იყო არაერთი ანონსი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შესყიდვის პროცესი გაჭიანურდა. 2018 წელს თბილისის მერი აცხადებდა, რომ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი ქალაქში 2020 წლიდან ივლიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მისი შემოყვანა ქალაქში არც მეტი არც ნაკლები 4 წლით გვიანდება. სატენდერო პირობების მიხედვით პირველი 50 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის მოწოდება 2024 წლის 1 აპრილამდე უნდა მოხდეს, დანარჩენი 110 ცალი კი 2024 წლის ბოლომდე უნდა იყოს მოწოდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები