მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და ბათუმში მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ - „კერკი“

640209e11598d
ნანუკა ნარიმანიძე
05.03.23 11:40
824
2023 წლის შემოდგომისთვის მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ თბილისსა და ბათუმში მაღაზიების გახსნას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა ნინო ხაჩიძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას ბათუმსა და თბილისში, მოგვიანებით ამ არეალსაც აუცილებლად გავაფართოებთ“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 2022 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, - „რეალიზაციის მაჩვენებელმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, ქართველმა მომხმარებელმა მოიწონა ჩვენი პროდუქტი, გამომდინარე აქედან 2023 წლის სეზონისთვის ნედლეულის მიღება გავაორმაგეთ და ფერმერებისგან დაახლოებით 150 000 კგ ნედლეული შევისყიდეთ, შესაბამისად იგეგმება გაზრდილი რაოდენობით პროდუქტის გატანა როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე ექსპორტზე“, - განაცხადა მან.

Bm.ge-თან ინტერვიუში ექსპორტზე საუბრისას ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, რომ „კერკის“ პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე პოლონეთსა და კანადაშიც.

„ბევრი ქვეყნიდან მოდის ინტერესი, მოგეხსენებათ, ჩვენ ნატურალური პრინციპებით, დანამატების გარეშე ვქმნით პროდუქტს. სწორედ ესაა დაინტერესების მთავარი მიზეზი. კანადაში სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია, ახლა პროდუქტის გაზრდილი რაოდენობით გაგზავნა იგეგმება. პოლონეთსა და ბალტიისპირეთშიც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მანდარინის ჩირზე, დაჭრილ ხურმასა და ვაშლის ჩირზე. ამ ქვეყნებში ორ ტონამდე პროდუქტი გაიგზავნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „კერკი“ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონის პერიოდში კი მათი რაოდენობა 50-მდე იზრდება. „კერკის“ პროდუქციის შეძენა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტსა“ და „სმარტშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები