დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც დედაქალაქში გაზის სამომხმარებლო ტარიფი უნდა გადაიხედოს. როგორც კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ტარიფი არ გაიზრდება.
ნარმანიას განმარტებით, დღეს დაითვლება ტარიფი კომპანია „თბილისი ენერჯის“ და დედაქალაქში არსებული სხვადასხვა პატარა კომპანიების შემთხვევაში, თუმცა ტარიფის ზრდა არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ იგეგმება.
„დედაქალაქში ბუნებრივ აირზე ტარიფები არ გაიზრდება“, - თქვა ნარმანიამ.
სემეკ-ის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ: დღეს დედაქალაქში რამდენიმე გაზის მიმწოდებელი კომპანია ოპერირებს, მათგან ყველაზე მეტი აბონენტი "თბილისი ენერჯის" ჰყავს, რომელიც სამომხმარებლო ტარიფი კუბურ მეტრზე 53.972 თეთრს შეადგენს.