მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დამატებით ლოკაციაზე შეიზღუდება

627ebe93a8b9f
BM.GE
14.05.22 00:23
1780
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებამდე, 14 მაისიდან დამატებით ლოკაციაზე - თელავის ქუჩის კვეთიდან წინანდლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო გადაადგილების სქემაც დროებით შეიცვლება.

კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე წინანდლის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით.

მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ალ. წურწუმიას ქუჩის საშუალებით, შემდგომ სვლას განაგრძობენ თელავის, ახმეტისა და წინანდლის ქუჩების მიმართულებით და დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბიჭორმის ქუჩებს. ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება წინანდლისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმისა და წინანდლის ქუჩების გამოყენებით. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კი, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბოჭორმის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გავლით.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, მოძრაობას განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ევროპის მოედანს, სვლას განაგრძობენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩასთან დააკავშირებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ავტობუსები გადაინაცვლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ წინანდლის, ახმეტის, თელავის, წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას განაგრძობენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდებიან ახმეტისა და წინანდლის ქუჩებს და მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებგვერდს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები