თბილისში, 16-22 მაისს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება. ღონისძიების მიზანია, დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები. კვირეული საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება.
წლევანდელი მთავარი გამოწვევა covid-19-თან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე მიმდინარე ომიდან გამომდინარე შეცვლილი ემოციური და ეკონომიკური მდგომარეობა, თუ მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებული ბუნდოვნებაა. როგორც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს პრეზიდენტი გვანცა ბარაბაძე ამბობს, კვირეულის მიზანია, იმ ბიზნესების დახმარება, რომლებსაც პანდემიისა თუ ომის პერიოდში ოერორების კუთხით პრობლემები შეექმნათ.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიზნესს გავუზიაროთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავლის გადააზრებაში. შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ფედერაციის ქოუჩები მასტერკლასებს ჩაატარებენ ლიდერობის, სტრატეგიული აზროვნების, ემოციური ინტელექტის, ზოგადად, კრეატიული აზროვნებისა თუ წარმატების სტრატეგიების შესახებ, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, შექმნილ რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოს ახალი სტრატეგიებით შეხვდნენ,” - აღნიშნა გადაცემა “საქმიან დილაში” გვანცა ბარაბაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება და ის არის უფასო ყველა დაინერესებული პირისთვის. გარდა ამისა, წელს პირველად, ღონისძიება ქუთაისსა და ბათუმშიცაა ჩანიშნული.