მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფა დაიწყო - უბნები

63da4e0d6c33b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 18:21
3821
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო მანქანებისათვის სპეციალური საპარკინგე ადგილის გამოყოფის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესგაერთიანება Facebook-ით ავრცელებს.

მათი ცნობით, ასოციაციამ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დედაქალაქის ტერიტორიაზე იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ პირველადი ინფორმაცია მიაწოდა, სადაც მნიშვნელოვანია სადისტრიბუციო მანქანებისათვის ადგილის გამოყოფა.

როგორც BM.GE-ს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში განუმარტეს, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი და ყოველკვირეულად ხორციელდება 60-მდე საპარკინგე ადგილის დახაზვა და შესაბამისი საპარკინგე ნიშნის მოწყობა.

„საპარკინგე ადგილების გამოყოფა დაიწყება საბურთალოზე, მთაწმინდაზე, სოლოლაკსა და ორთაჭალის ტერიტორიაზე. ეს ადგილები ძირითადად იქნება სავაჭრო წერტილების მიმდებარედ. ჯამში რამდენი ადგილი იქნება საჭირო ამას სამუშაო პროცესი გვანახებს.

რადგან ეს პროცესი დაიწყო, მოლაპარაკებები გაგრძელდება მერიასთან, რომ ახალი სავაჭრო ადგილების გახსნისას საპარკინგე ადგილების მოწყობა გათვალისწინებული იყოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის წარმართვას და იმ ფინანსური ზიანის თავიდან აცილებას, რომლის წინაშეც დგანან კომპანიები“, - განმარტეს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში.

მათივე ცნობით, მიდის მუშაობა სადისტრიბუციო მანქანებზე სპეციალური სტიკერების განთავსების საკითხზე, რათა დაპარკინგებამდე პატრულის მიერ სადისტრიბუციო მანქანების დაჯარიმება არ მოხდეს.

ასოციაციაში ამბობენ, რომ სავაჭრო წერტილების მიმდებარედ საპარკინგე ადგილების გამოყოფის პარალელურად, რესტორატორთა ასოციაციის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა კვების ობიექტებთან სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფისთვის.

ასოციაცია მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, წევრ კომპანიებს ყოველ კვირას მიაწვდის ინფორმაციას სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფის შესახებ.

ცნობისთვის: თბილისის მერიამ დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი გასული წლის ნოემბერში განსაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. როგორც მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ინიციატივა სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო, სხვა ავტომობილების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები