ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები მკაცრდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს.
თბილისის მერის თქმით, ბიზნესს ხელს არავის უშლის, თუმცა ადამიანებს ღამით დასვენება და ძილი უნდათ.
კალაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
კანონპროექტის მიხედვით:
ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით;
ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით;
გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარის ოდენობით.
"აღნიშნულ კანონპროექტს ჩვენ უახლოეს მომავალში მივაწვდით საქართველოს პარლამენტს და იმედი გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას", - განაცხადა კალაძემ.
ამ დრომდე კანონში ასეთი ჩანაწერი იყო:
1. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 1000 ლარის ოდენობით.