ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც კორონა ვირუსის ახალ შტამს - „ომიკრონის“ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. ასეთ პირობებში, იანვარში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 79.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 6.0 დოლარით მეტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებამდე პროგნოზები გაცილებით ოპტიმისტური იყო. გასული წლის მანძილზე ბარელზე ნავთობის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 83.5 დოლარი იყო, რაც უკვე დეკემბერში 74.2 დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ოქტომბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი, მის ნომინალური გამოხატულებაში, 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. დეკემბრის ფასი კი მანამდე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელს 3.2 აშშ დოლარით აღემატება.
წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი 6.9 აშშ დოლარი ნაკლები იყო, ხოლო წლიურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ფასი 48.4% -ითაა გაზრდილი, რაც საშუალოდ 24.2-დოლარიანი ზრდაა. მთლიანად წლის მანძილზე კი პანდემიის პირველ წელთან შედარებით ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 28.9 აშშ დოლარითაა გაზრდილია, რაც 69.3%-იანი ზრდაა. 2020 წელს ნავთობის ფასი საშუალოდ 41.8 აშშ დოლარი იყო. პანდემიის პირველ წელს ყველაზე დაბალი ნიშნული, 18.4 დოლარი აპრილის თვეში დაფიქსირდა, როცა უმეტეს ქვეყნებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო მობილობა მკვეთრად დაეცა. წლის მეორე ნახევრიდან კი ფასი გაიზარდა. ზრდის ტენდენცია კი 2021 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ფასმა 70.7 აშშ დოლარი შეადგინა.
საშუალოვადიან პერიოდში კი ნავთობის ფასების უფრო მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი, მაგრამ მიმდინარე წლის მარტიდან შემცირებითაა პროგნოზირებული. 2022 წლის პირველ კვარტალში ბარელზე საშუალო ფასი 78.7 აშშ დოლარითაა ნავარაუდევი, რაც პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს 15.5 დოლარით აღემატება, ხოლო გასული წლის პირველი სამი თვის ნიშნულს კი - 17.8 აშშ დოლარით. უკვე მეორე კვარტალიდან ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ 76.7 აშშ დოლარამდე შემცირება, რაც წლის მეორე ნახევრისთვის უფრო ნაკლებით, 73.1 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული. რაც შეეხება მომდევნო წელს, ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზით 2023 წელს ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 67.5 აშშ დოლარი იქნება.
ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია
ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის დეკემბერში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 101.1 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.4 მლნ ბარელით აღემატება. აღნიშნული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6 მლნ ბარელით მეტია, მაგრამ პანდემიამდე, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 1.3 მლნ ბარელით ნაკლები. ამავდროულად, მიმდინარე პერიოდის პროგნოზები, წინა პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების მოხმარების ნაწილში შედარებით გაუმჯობესებულია. აღნიშნული კი მიმდინარე წლისთვის გლობალური ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდის და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენების მატების პროგნოზს უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 98.2 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით დღეში საშუალოდ 0.3 მლნ ბარელით მეტია. შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 2022 წლის პირველ კვარტალისთვისაც გაზრდილია. წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მომდევნო წლის პირველ კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.2 მლნ ბარელით მეტი, 99.5 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 4.8 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 3.6 მლნ ბარელით. 2019 წელის პირველ კვარტალში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 100.2 მლნ ბარელი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.7 მლნ ბარელით აჭარბებს.
ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ეს გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. ამ ქვეყნების ეკონომიკების ბირთვი კი სწორედ ნავთობის ინდუსტრიაა. გასული წლის ბოლო კვარტლის აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.71 მლნ ბარელი იყო, რაც, არსებული პროგნოზით, 2022 წლის პირველ კვარტალში 0.73 მლნ ბარელამდე გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის პროგნოზი 0.74 მლნ ბარელია. ასეთივე მდგომარეობა რუსეთის წარმოების პროგნოზებში. 2021 წლის ბოლო პერიოდის დღიური საშუალო წარმოება 11.16 მლნ ბარელი იყო, რაც მიმდინარე წლიდან ზრდის მიმართულებითაა ნავარაუდევი. კერძოდ, პირველ კვარტალში წარმოების დონე დღეში საშუალოდ 11.25 მლნ ბარელია, ხოლო მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.45 მლნ ბარელამდე გაიზრდება.
ამდენად, წლის პირველი ნახევრის პროგნოზები მიმდინარე პერიოდში გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს დეკემბერის პროგნოზებში არსებული მდგომარეობა. თავის მხრივ, დეკემბრის პროგნოზებში „ომიკრონის“ გამო გაუარესებული მოლოდინები იყო ასახული. უახლოეს პერიოდში კი ნავთობის ფასები გაიზრდება, ხოლო შემცირება აპრილიდან იქნება მოსალოდნელი. რას შეეხება მოხმარებას, ამ კუთხითაც საპროგნოზო მაჩვენებლები შედარებით გაზრდილია. გაზრდილი მოლოდინები არამხოლოდ გლობალურად, არამედ უშუალოდ რეგიონის და საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების წარმოების მაჩვენებლებსაც ეხება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნავთობის წარმოების პროგნოზები გაზრდილია რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც ნავთობის ფასის ზრდის მოლოდინის პირობებში უფრო მეტი შემოსავლის გენერირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად აისახება. შესაბამისად, მოსალოდნელია ადგილობრივი მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა, რაც საქართველოდან ამ ქვეყნებში საქონელი და მომსახურების ექსპორტზე დადებითად აისახება.