იაპონიაში Toyota-ს 14-ვე ქარხანაში ავტომობილების წარმოება დროებით შეჩერებულია. კომპანია ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას ასახელებს, რის გამოც Toyota წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს ვერ უკვეთავს. Reuters-ის ცნობით, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მცირე შანსია, რომ მიზეზი კიბერშეტევა იყოს.
როგორც Toyota-ს წარმომადგენელი მედიასთან განმარტავს, 14-ვე ქარხანა შუადღისთვის უკვე დაპაუზებული იყო, თუმცა ჯერჯეროით უცნობია, რამდენს იზარალებს კომპანია ამ შეფერხების გამო.
Reuters-ის გამოთვლებით, იაპონიაში განთავსებული საწარმოები Toyota-ს გლობალური წარმადობის მესამედზეა პასუხისმგებელი. წლის პირველ ნახევარში კომპანია დღიურად 13 500 ავტომობილს აწარმოებდა.