ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებისთვის, მათი საქმიანობის მხარდასაჭერად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს, რომლებიც თბილისში, მარნეულში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში ჩატარდა, ტერაბანკის 500-მდე მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტი დაესწრო.
შეხვედრებს ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი უძღვებოდა. მათი მიმდინარეობისას მონაწილეები დაფინანსების შესაძლებლობებს, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებს, ამ პროგრამების სპეციფიკას, შეთავაზებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტარტაპ სესხებზე, რომლებიც ტერაბანკმა მომხმარებლებს სულ ახლახან წარუდგინა. პროდუქტი მთლიანად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებზეა მორგებული და მეწარმეების დაფინანსებას მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ სტარტაპ სესხები ძირითადად მეწარმე ქალებზეა გათვლილი. შეხვედრების ბოლოს ბექა ბიბილაშვილმა დამსწრე ბიზნესკლიენტების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი გამოწვევებიც მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ ღონისძიებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილიც მონაწილეობდა. მან ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს სააგენტოს პროგრამები და მათ ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და ბენეფიტები წარუდგინა.
„ამგვარი შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებში დიდ დაინტერესებას იწვევს. დეტალური ინფორმაციის მიწოდება, სიახლეების გაზიარება ბიზნესებს საკუთარი საქმიანობების განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს, მათი საჭიროებების მოსმენა კი გვეხმარება, ამ სეგმენტზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტები და მომსახურებები დავნერგოთ, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას“, - აღნიშნავს ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის სტრატეგიული, მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც 2021 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება და სამომავლოდაც გაგრძელდება.
(რ)