ინოვაციური სამუშაო სივრცის „ტერმინალის“ მფლობელებმა წეროვანში, ლოგისტიკური პარკის პროექტისთვის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს თანხმობა მიიღეს. სააგენტომ კომპანია „თუში ქოლექშენს“ ლოჯისტიკური პარკის განაშენიანების დეტალური გეგმა უკვე დაუმტკიცა.
პროექტი წეროვანთან, ავტობანის სიახლოვეს ლოგისტიკური პარკის მოწყობას გულისხმობს. დაგეგმილია 6 საწყობის, მომსახურების ოფისების და მოტელის ტიპის სასტუმროს მშენებლობა.
სასტუმრო და ოფისები ავტობანის სიახლოვეს იქნება განთავსებული, ხოლო მათ უკან განვითარდება საწყობები იმ პროდუქტებისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს და მალფუჭებადი პროდუქციისათვის განკუთვნილ სპეციალურ პირობებს.
პროექტით, ტერიტორიაზე მოეწობა პარკინგიც. დაგეგმილია სატვირთო მანქანებისთვის 65 ავტოსადგომის, ხოლო მსუბუქი მანქანებისთვის 411 ავტოსადგომის განთავსება.
ცნობისთვის, კომპანია „თუში ქოლექშენის“ მმართველი პარტნიორები 50%-იანი წილებით ეკატერინა და დავით თუშიშვილები არიან.