მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tik-Tok აშშ-ში დროებით აღარ აიკრძალება

5f674a8179a61
თათია კაკიაშვილი
20.09.20 16:22
2006
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok– ის მშობელ კომპანია ByteDance– სა და Oracle– ს (ORCL) შორის გარიგება დაამტკიცა და აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში TikTok-ი დროებით აღარ აიკრძალება.

შეზღუდვები, რომელიც, წესით, დღეიდან უნდა ამოქმედებულიყო, 1 კვირით გადაიდო, ინფორმაციას CNN აშშ-ის კომერციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელშეკრულების თანახმად, ByteDance Tik-Tok-ის ძირითად მფლობელად რჩება. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარიგება "კონცეფციურად" დაამტკიცა.

„გარიგებას ჩემი კურთხევა მივეცი: თუ ისინი ამას გაუმკლავდებიან, ძალიან კარგი იქნება; თუ არა და - არაუშავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, გარიგებაში შედის 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ის განათლებისთვის, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კომპანიები გადაიხდიან ამ თანხას. ამ საკითხზე კი ოფიციალური თეთრი სახლი დუმს.

შეგახსენებთ: აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ TikTok შტატებში 15 სექტემბერს აიკრძალებოდა, თუ ჩინური კომპანია ByteDance მას არ გაყიდდა და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს "ბევრი ფულით" არ მოამარაგებდა. როგორც ტრამპმა 1 აგვისტოს განაცხადა, აპლიკაციის აკრძალვის განკარგულებას იმავე დღეს მოაწერდა ხელს. ამას მოჰყვა ცნობები იმის შესახებ, რომ Microsoft-მა კომპანიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა და ByteDance-თან მოსალაპარაკებლად აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტისგან (CFIUS) 45-დღიანი ვადა მიიღო.

3 აგვისტოს პრესასთან საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ სურს, მაიკროსოფტმა — "დიდმა", "სანდო" და "ძალიან ამერიკულმა" კომპანიამ, ტიკტოკი შეიძინოს. მისი თქმით, მაიკროსოფტმა ByteDance-ისგან მთლიანი კომპანია უნდა შეისყიდოს და არა — მისი ოპერაციები აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რადგან "30 პროცენტის ყიდვა სირთულეებთანაა დაკავშირებული".

ტრამპის ადმინისტრაცია ტიკტოკის აკრძალვაზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საუბრობს და მიზეზებად ეროვნულ უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას და ჩინეთის იმის გამო დასჯის სურვილსაც ასახელებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის აფეთქებას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები