Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გამოცემა Time-ის წლის ადამიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მასკის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი გახდა და მისმა საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. შედეგად მან Ford Motor-ისა და General Motors-ის საერთო ღირებულებასაც აჯობა.
აღსანიშნავია, რომ Tesla ყოველწლიურად ასობით ათას მანქანას აწარმოებს, მისმა წარმატებამ ბევრ ავტომწარმოებელს ელექტრომობილების წარმოებაზე მეტი აქცენტირებისკენ უბიძგა.
როგორც ჟურნალ TIME-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა ედვარდ ფელსენთალმა განაცახდა, მასკმა საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის გზების დასახვისა და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისკენ უბიძგა.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა ყოველწლიურად ანიჭებს წლის ადამიანის ტიტულს მათ, ვისაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. გასულ წელს ეს ტიტული აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ერგო.
წლის ადამიანის ტიტულის მინიჭების ტრადიცია 1927 წლიდან არსებობს. წარსულში ეს ტიტულები Facebook-ის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგსა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც ერგოთ.