მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტკბილი ქვეყანა” და “სანდომი” თებერვლიდან პროდუქციაზე ფასებს გაზრდიან

60086258240cf
ლიკა გურაბანიძე
27.01.21 00:00
2355

თებერვლის დასაწყისიდან საკონდიტრო ნაწარმი ძვირდება. როგორც BM.GE-ს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების წარმომადგენლებმა განუცხადეს, პროდუქციაზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის გაძვირებული ნედლეული და 2021 წლის დასაწყისში გაძვირებული კომერციული ბუნებრივი აირი, პროდუქციის ფასებზეც აისახა.

კომპანიებში მიაჩნიათ, რომ მომხმარებლები ფასების გაძვირებას ნაკლები სიმკაცრით მოეკიდებიან, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარება თითოეული მოქალაქისთვის გასაგები უნდა იყოს. ზოგიერთი კომპანია ჩვენთან ფასების ზრდას გასული წლის ბოლოდან აანონსებდა.

"ტკბილ ქვეყანაში", რომელიც 120 დასახელებამდე სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქციას უშვებს აღნიშნავენ, რომ მათთან ფასების ზრდა ასორტიმენტის მიხედვით 20-დან 80 თეთრამდე მოხდება. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი კახაბერ ყრუაშვილი აღნიშნავს, მომხმარებელი სასურსათო ქსელებში ტკბილი ქვეყნის პროდუქციას მომატებულ ფასად თებერვლის დასაწყისიდან შეიძენს.

“ახალი ფასები იანვრის დასაწყისში შევიმუშავეთ და ქსელური სავაჭრო ობიექტებისთვის უკვე მიწოდებული გვაქვს. ჩვენ პარტნიორებთან შეთანხმება გვაქვს, რომ პროდუქციის გაძვირების შესახებ ერთი თვით ადრე უნდა შევატყობინოთ. სავარაუდოდ, პირველი თებერვლიდან პროდუქცია ქსელებში მომატებული ფასებით შევა.” - აღნიშნა ყრუაშვილმა.

რაც შეხება იმას თუ როგორ აისახა ბიზნესზე ფასების ზრდის პროცესი “ტკბილ ქვეყანაში” განმარტავენ, რომ მათ პროდუქციის ასორტიმენტის გადახედვა და ზოგიერთი ძვირიანი პროდუქციის გაყიდვებიდან ამოღება მოუწევთ, რადგან მომხმარებელი მის ყიდვას ვეღარ შეძლებს.

ფასების გაძვირებას დაახლოებით 10%-ით თებერვლის პირველი ნახევრიდან გეგმავენ “სანდომშიც”, ჩვენთან საუბრისას კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი საბა მამალაძე აღნიშნავს, რომ ფასების კორექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, გარდა გაძვირებული კომერციული ბუნებრივი აირისა, კომპანიას ფასების გაძვირებისკენ ძველ ფასში შესყიდული ნედლეულის მარაგების ამოწურვამ და შესაბამისად ახალი შესასყიდი ნედლეულის გაძვირებამაც უბიძგა.

“მაგალითად, თუ ამ დრომდე მომხმარებელი "სანდომის" კონკრეტულ პროდუქციას 8 ლარად ყიდულობდა, იგივე პროდუქციაში თებერვლიდან მას 8 ლარის და 80 თეთრის გადახდა მოუწევს. ამ საკითხზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და კონკრეტულ რიცხვებზე მეტად ჩამოვყალიბდებით. მომხმარებლების რაოდენობის კლებას ფასების მატების პირველ ეტაპზე ველოდებით, რადგან სიახლესთან შეგუება მოუწევთ, თუმცა ყველა ჩვენთვის საჭირო ნედლეულზე ფასი გაძვირდა და ეს მომხმარებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა აქციებით თუ გარკვეული აქტივობებით შევეცდებით გარკვეულ პროდუქციაზე დაბალი ფასების შენარჩუნებას.” - განაცხადა საბა მამალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები