გთავაზობთ გასული კვირის (28 ივნისი – 3 ივლისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა
2. მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,3%-ით გაიზარდა
3. ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა
4. 2021 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 73.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
5. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო საწარმოების საგარეო ვალი 1.7 მილიარდი აშშ დოლარია
6. EBRD-ის სესხი თბილისში ახალი საავტობუსე დეპოს მოწყობასა და მყარი ნარჩენების სისტემის განახლებას მოხმარდება
7. საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება
8. 1 ივლისიდან ავიაკომპანია Wizz Air ბრუნდება
9. მთავრობამ საქართველოში შემოსვლის წესებში ცვლილების შეტანა გადაიფიქრა
10. პარლამენტში დაინიცირებული ბიზნესომბუდსმენის არჩევის ახალ წესი
1. მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა
2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 25.8%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 11.5%-ია. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ეკონომიკა 13,5%-ით შემცირდა, ხოლო შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებით, 2021 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. თუ საბაზისო წლად 2019 წელს ავიღებთ, 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა, რაც თავის მხრივ საქართველოს რეალობისთვის მაღალი მაჩვენებელია.
მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იცვლება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. EBRD საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ზრდის, TBC Capital-ის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო ეროვნული ბანკის ახალი პროგნოზით კი ზრდა 7%-8% იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wetjSr ; https://bit.ly/2UXued6 ; https://bit.ly/3jFv2xw ; https://bit.ly/3xgCfbj
2. მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,3%-ით გაიზარდა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 25.8% შეადგინა, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 69 ათასით გაზარდა და 551 000 ბენეფიციარი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 14.8%-ს შეადგენს
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qItvsf
3. ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა
ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22.0%), ჯანმრთელობის დაცვა (11.6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (10.6%),საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (10.5%). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე მეტად გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირებულმა ინფლაციამ (8.8%), რომელიც 2.78%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ylxWfg ; https://bit.ly/3ykxZYq
4. 2021 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 73.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
2020 წელს პანდემიის შედეგად თითქმის განულებული ტურიზმის მაჩვენებლების შემდეგ, დარგი ეტაპობრივად იწყებს აღდგენას. გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 180%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა. მიუხედავად ტურისტების რაოდენობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდისა, ჯერჯერობით, 2019 წლის მაჩვენებლებს მკვეთრად ჩამოვრჩებით. ამ ფონზე, საქართველოს ბიზნესასოციაცია ტურისტული გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის, რასაც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და სამართლიანადაც, რადგან თუ ეს ინიციატივა მიიღეს, პირველ რიგში აღსრულების ნაწილი იქნება პრობლემური, მეორეს მხრივ კი ტურისტებს მხოლოდ მომსახურებას გაუძვირებს და ახალ სერვისს მაინც ვერ შესთავაზებს, რაც შემდგომ ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე აისახება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SPCdII
5. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო საწარმოების საგარეო ვალი 1.7 მილიარდი აშშ დოლარია
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 20.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც დახლოებით 70.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ქვეყნის მთლიან საგარეო ვალი იყოფა კერძო და სახელმწიფო საგარეო ვალის კატეგორიებად, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ნაწილში სამთავრობო სექტორის ვალი 7.6 მლრდ აშშ დოლარია, დანარჩენი კი ნაწილდება ეროვნული ბანკის ვალდებულებებსა და სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებსა და სესხებზე.
რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, მათი მთლიანი საგარეო ვალი 1.7 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 5.4 მილიარდი ლარია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dFwP1Y ; https://bit.ly/3w9ww61
6. EBRD-ის სესხი თბილისში ახალი საავტობუსე დეპოს მოწყობასა და მყარი ნარჩენების სისტემის განახლებას მოხმარდება
თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გაზზე მომუშავე 200 ავტობუსის შესაძენად და ახალი საავტობუსე დეპოს მოსაწყობად 83 მილიონი ევროს სესხის აღებას გეგმავს, ხოლო ცენტრალური ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის განახლებისათვის 3.03 მილიონი ევროს სესხი უკვე დამტკიცებულია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TCGoHY ; https://bit.ly/2SJJgCw ; https://bit.ly/3qS1Hl9
7. საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება
2020 წლის იანვარში სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, სადაც “Central Depository of Armenia OJSC”; ,,საქართველოს ბანკი” და“თიბისი ბანკი” მონაწილეობდნენ, გამარჯვებული საქართველოს ბანკი გახდა, რომელთანაც მოლაპარაკებები ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს. საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით ,,საქართველოს ბანკთან’’ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, რის შემდეგადაც ,,საპენსიო სააგენტოს ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში შეეძლება ინვესტიციების გაკეთება.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hp6CWg
8. 1 ივლისიდან ავიაკომპანია Wizz Air ბრუნდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით 1 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება. ავიაკომპანია დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SJ1vYM ; https://bit.ly/3hdi5te
9. მთავრობამ საქართველოში შემოსვლის წესებში ცვლილების შეტანა გადაიფიქრა
თავდაპირველად მთავრობამ 5 ივლისიდან საქართველოში შემოსვლის წესებში ცვლილება დაანონსა, რომლის მიხედვითაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას მოქალაქეებს 72 - საათიანი ნეგატიური PCR - ტესტი უნდა წარმოედგინათ. BM.GE მთავრობის ადმინისტრაციისგან უშედეგოდ ითხოვდა ინფორმაციის დადასტურებას, ჯერ როგორც ოფიციალური წერილის სახით, შემდეგ მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე - 144-ზე მოქალაქის სტატუსითაც. როგორც საბოლოოდ ირკვევა, მთავრობამ დადგენილების ამოქმედება შეაჩერა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AucqGG ; https://bit.ly/3wgfsv5
10. პარლამენტში დაინიცირებული ბიზნესომბუდსმენის არჩევის ახალ წესი
ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ, მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გადაავადა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მხოლოდ ,,მაღალხარისხიანი, მაღალი სტანდარტის აირად საწვავზე მომუშავე დანადგარების იმპორტს უზრუნველყოფს.’’
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის შერჩევის ახალ წესს დააინიცირებს, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი ბიზნესის არჩეული და მათი რეალური ინტერესების დამცველი გახდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yi1kTq ; https://bit.ly/3dGk6fc