მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

5e2c3cc7557c5
ირაკლი მაკალათია
26.01.20 10:45
8057
Business Insider-ის მონაცემებით, რომელიც მომზადდა Wealth-X's 2019 წლის მილიარდერების აღწერის ანგარიშის მიხედვით, წარმოგიდგენთ გასული წლის ტოპ 10 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

10. საფრანგეთი
2019 წლის მონაცემებით, ქვეყანას ჰყავდა 55 მილიარდერი, რომელთა საერთო სიმდიდრე შეადგენდა 195 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად ითვლება ბერნარ არნო; ის აკონტროლებს ჰოლდინგ LVMH-ის თითქმის ნახევარს, ჰოლდინგი ასევე აერთიანებს Dior-სა და Louis Vuitton-ს. კომპანია მსოფლიოში ასევე წარმატებით ყიდის TAG Heuer საათებსა და Dom Perignon შამპანურს. ბერნარ არნომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული სამშენებლო კომპანია გაყიდა და გაკოტრების პირას მყოფი ბრენდების შესყიდვა დაიწყო; არნო მივიდა იმ დასკვნამდე რომ ყველაზე სარფიან გაყიდვებს ბრენდი უზრუნველყოფს, შესაბამისად, მან დაიწყო არა ახლის შენება, არამედ არსებული ბრენდების განვითარება. შედეგად, ის მსოფლიოში ცნობილი მრავალი ბრენდის მფლობელია.

9. საუდის არაბეთი
ქვეყანაში ოფიციალურად არის 57 მილიარდერი, რომელთა საერთო სიმდიდრე შეადგენს 147 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია ალვალიდ ალ საუდი. პრინცი ალვალიდ ბინ თალალ ალ საუდი არის სამეფო ჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელსაც აქვს ინვესტიციები სასტუმროებში, უძრავ ქონებასა და სხვადასხვა კაპიტალში, მათ შორის Citigroup, Snap და Twitter-ში. იგი ასევე აკონტროლებს ,,Rotana’’-ს 80%-ს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი მედია კომპანიაა და ფლობს წილებს ,,Lyft and Careem’’-ში.

8. ინდოეთი
ქვეყანას ჰყავს 82 მილიარდერი, რომელთა საერთო სიმდიდრე შეადგენს 284 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია მუკეშ ამბანი. ის ინდოეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნეს მაგნატი და ამავე დროს აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის აკონტროლებს Reliance Industries-ს თითქმის 42% -ს, Reliance Industries Limited-ის სათაო ოფისი არის მუმბაიში. კონგლომერატის ბიზნეს მიმართულებებია: ენერგეტიკა, ნავთობქიმიკატები, ტექსტილი, ნავთობი და ბუნებრივი რესურსები, საცალო ვაჭრობა და ტელეკომუნიკაცია. მილიარდერი ასევე ფლობს 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას და მუმბაის კრიკეტის პროფესიონალურ გუნდს.

7. ჰონგ კონგი
ქვეყანაში დაფიქსირებული იყო 87 მილიარდერი, ხოლო მათი საერთო სიმდიდრე შეადგენდა 259 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი კი გახლავთ ლი კა-შინგი. ჰონგ კონგელი ბიზნეს მაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედი. ამჟამად ის არის ,,CK Hutchison Holdings’’–ის უფროსი მრჩეველი, მას შემდეგ, რაც მან პენსიაზე გასვლის შემდეგ დატოვა საბჭო. ,,CK Hutchison Holdings’’ არის კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კონგლომერატი, რომელიც ჰონგ კონგში მდებარეობს. კომპანია 2015 წელს შეიქმნა Hutchison Whampoa-სთან შერწყმის შედეგად. კონგლომერატი დაკავებულია 5 ძირითადი ბიზნესით: პორტები და მასთან დაკავშირებული მომსახურება; საცალო ვაჭრობა; ინფრასტრუქტურა; ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაციები, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

6. შვეიცარია
ქვეყანა, სადაც ცხოვრობს 91 მილიარდერი. მათი ჯამური სიმდიდრე შეადგენს 240 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი მილიარდერი არის ერნესტო ბერტარელი, რომელიც ასევე ცნობილია ქველმოქმედებით. ერნესტო დაიბადა რომში, მისი ოჯახი 1977 წელს შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისმა ბაბუამ პიეტრომ დააფუძნა ფარმაცევტული კომპანია ,,Serono’’, რომლის მმართველობა ჯერ ერნესტოს მამამ ფაბიომ, ხოლო შემდეგ თავად ერნესტომ გადაიბარა.

5. გაერთიანებული სამეფო
2019 წლის მონაცემებით, ქვეყანას ჰყავდა 97 მილიარდერი, რომელთა ჯამური სიმდიდრე შეადგენდა 209 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია ჯიმ რატკლიფი. რატკლიფი არის ქიმიკატების კომპანია ,,Ineos’’-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დააფუძნა 1998 წელს. ლონდონში დაფუძნებულ კომპანიას დასაქმებული ჰყავს 22 000 თანამშრომელი და ფუნქციონირებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში. კომპანია ყოველწლიურად აწარმოებს, დაახლოებით, 60 მილიონ ტონა ქიმიკატს.

4. რუსეთი
ქვეყანაში აღრიცხული იყო სულ 102 მილიარდერი, რომელთა სიმდიდრე, ჯამში, შეადგენდა 355 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია ლეონიდ მიხელსონი. ლეონიდ მიხელსონი არის ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ,,Novatek’’-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

3. გერმანია
ქვეყანაში დაფიქსირდა 146 მილიარდერი. მათი ჯამური სიმდიდრე კი, 442 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ქვეყნის უმდიდრესი მილიარდერია დიტერ შვარცი. გერმანელი მილიარდერი ,,Schwarz Gruppe’’-ს მფლობელია, რომელიც შემოსავლების მიხედვით არის მეოთხე უმსხვილესი საცალო სავაჭრო ქსელი მსოფლიოში. ,,Schwarz Gruppe’’ აერთიანებს სუპერმარკეტების ქსელ ,,Lidl’’-ისა და ჰიპერმარკეტების ქსელს ,,Kaufland’’. დიტერ შვარცი ამავდროულად არის აღნიშნული სუპერმარკეტების თავჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

2. ჩინეთი
ქვეყანაში აღირიცხა 285 მილიარდერი, რომელთა ჯამური სიმდიდრე შეადგენს 996 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის უმდიდრესი მილიარდერი გახლავთ ჯეკ მა, რომელიც ჩინური კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებელია. შეგახსენებთ, რომ ჯეკ მა-მ გასულ წელს 55 წლის ასაკში კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ჯეკ მა ასევე ფლობს ონლაინ გადახდის სერვის Alipay-ს წილს.

1. აშშ
ქვეყანაში ცხოვრობს 705 მილიარდერი, რომელთა მთლიანი სიმდიდრე შეადგენს 3.013 ტრილიონ აშშ დოლარს. ქვეყნის ყველაზე მდიდარი მილიარდერი კი Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსია. სიეტლში დაფუძნებული კომპანია Amazon მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო ქსელია. ამაზონმა 2018 წელს 233 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი, ბლუმბერგ მილიარდერების ინდექსის მიხედვით (16 იანვარი, 2020 წელი)

1. ჯეფ ბეზოსი (აშშ) – 116 მილიარდი აშშ დოლარი
2. ბილ გეითსი (აშშ) - 115 მილიარდი აშშ დოლარი
3. ბერნარ არნო (საფრანგეთი) – 109.0 მილიარდი აშშ დოლარი
4. უორენ ბაფეტი (აშშ) – 90.0 მილიარდი აშშ დოლარი
5. მარკ ცუკერბერგი (აშშ) – 84.2 მილიარდი აშშ დოლარი
6. ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) – 75.0 მილიარდი აშშ დოლარი
7. ლარი ფეიჯი (აშშ) – 68.9 მილიარდი აშშ დოლარი
8. სერგეი ბრინი (აშშ) – 66.8 მილიარდი აშშ დოლარი
9. ჩარლს კოხი (აშშ) - 61.7 მილიარდი აშშ დოლარი
10. ჯულია ფლეშერ კოხი (აშშ) – 61.7 მილიარდი აშშ დოლარი
15. მუკეშ ამბანი (ინდოეთი) – 59.4 მილიარდი აშშ დოლარი
19. ჯეკ მა (ჩინეთი) – 48.4 მილიარდი აშშ დოლარი
34. ლი კა-შინგი (ჰონგ კონგი) – 29.7 მილიარდი აშშ დოლარი
40. ლეონიდ მიხელსონი (რუსეთი) – 24.6 მილიარდი აშშ დოლარი
41. დიტერ შვარცი (გერმანია) – 24.4 მილიარდი აშშ დოლარი
58. ჯიმ რატკლიფი (გაერთიანებული სამეფო) – 20.1 მილიარდი აშშ დოლარი
69. ერნესტო ბერტარელი (შვეიცარია) – 18.2 მილიარდი აშშ დოლარი
99. ალვალიდ ალ საუდი (საუდის არაბეთი) – 14.8 მილიარდი აშშ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები