მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 საშობაოდ მორთული ქალაქი Reuters-ის მიხედვით

63b419e0f18d4
თათია კაკიაშვილი
04.01.23 00:00
642

მსოფლიოს ყველა ქალაქს, ისევე როგორც თითოეულ ოჯახს, საკუთარი საშობაო და საახალწლო ტრადიცია აქვს. სადღესასწაულო ღონისძიებებიც სწორედ ამ ტრადიციების გათვალისწინებით იგეგმება. თუმცა, ყოველ წელს მაინც გვხვდება ისეთი ადგილები, სადაც დამსვენებლის ყურადღებას ქალაქების გამორჩეული დეკორაციები, განათებები და მორთულობა იქცევს. "როიტერსი"სწორედ ასეთ ათ ადგილზე წერს.

№1 ვენა, ავსტრია

წლევანდელი რეიტინგის სათავეში ვენა მოექცა. ავსტრიის დედაქალაქში სადღესასწაულო დეკორაციების მოწყობა შობის ღამემდე გაცილებით ადრე, ხშირად - ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ქალაქის ყველა ქუჩაზე დამთვალიერებელს გამორჩეული დიზაინის განათებები, ჭაღები და გირლიანდები შეხვდება. ვენაში ტრადიციული საშობაო ბაზრობა ქალაქის ცენტრში, უზარმაზარ მოედანზე ეწყობა, რომელსაც Rathausplatz-ი ჰქვია. შობამდე 4 კვირით ადრე ბაზრობა სავსეა მოვაჭრეებით, რომლებიც შტრუდელებს, გლინტვეინს და ლებკუჩენს - ტრადიციულ, ჯანჯაფილიან პურს ყიდიან. მართალია, Rathausplatz-ი ვენის ცენტრალურ საშობაო ბაზრობად ითვლება, თუმცა მის გარდა ქალაქში სხვა არაერთი მსგავსი ლოკაციაა. წელს ვენის მოქალაქეების და ტურისტების კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი შონბრუნის სასახლეა, რომელიც დამთვალიერებლების ყურადღებას სწორედ გამორჩეული დეკორაციების გამო იქცევს. ხოლო საშობაო ნაძვის ხეები ავსტრიის დედაქალაქის ღია სივრცეებში შეგხვდებათ.

№2 კოპენჰაგენი, დანია

მორიგი ევროპული ქალაქი, რომელიც დამთვალიერებელს სადღესასწაულო განწყობას აუმაღლებს, კოპენჰაგენია. აქვე შეგხვდებათ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საცალფეხო ქუჩა, რომელიც გირლანდებით, განათებული ვარსკვლავებით და მბზინავი დეკორაციებითაა მორთული. ქალაქის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა Tivoli Gardens-ია, რომელიც კოპენჰაგენში მოგზაურობის მსურველებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილების ათეულში ექცევა. მას მსოფლიოში მეორე უძველესი გასართობი პარკი, ტივოლი მოჰყვება, სადაც ყველა ატრაქციონი საშობაოდ გულმოდგინედაა მორთული და პარკის მთავარი ნიშა ისაა, რომ ის პატარა, ფერადი მინის ორნამენტებითაა გაწყობილი. იქვე მოწყობილია საშობაო ბაზრობაც, სადაც დამთვალიერებელს ტკბილეულთან ერთად, სკანდინავიური ხელნაკეთების შეძენაც შეუძლია.

№3 ჰონკონგი

უზარმაზარი ცათამბჯენები, მბრწყინავი ნავსადგური და დასავლურ-აღმოსავლური ტრადიციების ნაზავი ჰონკონგს მართლაც დაუვიწყარ, სწორედ სადღესასწაულო სანახაობებით გაჯერებულ ქალაქად აქცევს. წლევანდელი ზამთრის ფესტივალი ტიფანისთან პარტნიორობით იმართება, შესაბამისად, ჰონკონგის ცენტრს 18-მეტრიან საშობაო ნაძვის ხესთან ერთად, ტიფანის ლურჯი შეფერილობის ქანდაკებებიც ამშვენებს. საშობაო ილუმინაციები მოწყობილია კუნძულ ლანტაუზე, ჰონკონგის დისნეილენდში, სადაც დამთვალიერებელს სადღესასწაულო მუსიკასთან სინქრონიზებული 100,000-ზე მეტი მოციმციმე ნათურა დახვდება.

№4 გოტენბერგი, შვედეთი

დეკემბერში შვედეთში დღეები ძალიან მოკლეა, ზოგიერთ ქალაქში მზე მხოლოდ 5 საათს ანათებს. სწორედ ამიტომ, ქვეყანას მეტი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ საშობაოდ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული, ფერადი განათებები დამონტაჟდეს. ამ მხრივ, დამთვალიერებელს გამორჩეულ სადღესასწაულო ატმოსფეროს შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი გოტენბერგი უქმნის - მთელ ქალაქს ფერადი განათებების კასკადი დაჰყვება, რომელიც სკანდინავიის ქვეყნების ყველაზე დიდ გასართობ პარკამდე მიდის. 16 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ქალაქი დაახლოებით 5 მილიონი ნათურითაა გაწყობილი. ამავე პერიოდში შვედები ასევე ტრადიციულ დღესასწაულს - წმინდა ლუსიას დღესაც აღნიშნავენ. ლუსია მითიური ფიგურაა, რომელიც ბნელ ზამთარში სინათლის მატარებელია. ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს თეთრებში გამოწყობილი, განათებული გვირგვინით თავზე, ლუსიას როლი მნიშვნელოვანი თანამდებობაა შვედეთის მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქალაქში სინათლის შემოტანა ევალებათ, რისი სიმბოლურად ქალაქის პროგრესს ასახავს.

№5 ნიუპორტი, როდ აილენდი, აშშ

მართალია, სადღესასწაულო დეკორაციები, ძირითადად, განათებაზეა ფოკუსირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ მრავალი სხვა სახის დეკორაცია არსებობს. მსოფლიოში რამდენიმე შენობა კი თავად ისეა აშენებული და მორთული, რომ სადღესასწაულო დეკორაციებს თითქმის არც საჭიროებს. ასეთია, მაგალითად, ნიუპორტის სასახლე როდ აილენდში. სასახლე პოსტინდუსტრიული რევოლუციის სიმდიდრის სიმბოლოა. შენობა ამჟამად სავსეა მარადმწვანე მცენარეებით, გვირგვინებით; სასახლის თითოეული ფანჯარა კი ინდივიდუალური თეთრი სანთლებითაა განათებული. სასახლის სამეჯლისო დარბაზში შეხვდებით 4.5 მეტრის სიმაღლის სადღესასწაულო ხეს, რომელიც 150 წითელი პუანსეტის მცენარისგანაა გაფორმებული. სასახლე გამორჩეულია იმითაც, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ახალ წლამდე სანტა კლაუსი საშობაო სურვილების სიას იღებს, რისთვისაც სპეციალურ დარბაზში, შობამდე ყოველ კვირა დღეს მოქალაქეებთან შესახვედრად საჯაროდ გამოდის ხოლმე.

რაც შეეხება დანარჩენ 5 ლოკაციას, სადაც წელს სადღესასწაულო პერიოდში მოგზაურობა ნამდვილად ღირს, შემდეგია:

1. მედელინი, კოლუმბია
2. განათებული კანიონი კაპილანოს დაკიდულ ხიდზე, ვანკუვერი, კანადა
3. კობი, იაპონია
4. წმინდა ავგუსტინე, ფლორიდა, აშშ
5. კვებეკ სიტი, კანადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები