მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ აღმოჩნდა, რომ უცხოელი სტუდენტები დიპლომებს იღებენ, მაგრამ ლიცენზიას ვერა - ეს ქვეყანას დიდ დარტყამს მიაყენებს”-განათლების მვლევარი

64aff49f90425
ანუკა ჯოხაძე
13.07.23 21:05
718
Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 25.1 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. სტუდენტები ძირითადად საქართველოში ისრაელიდან, ინდოეთიდან და იორდანიიდან ჩამოდიან.

კვლევის მიხედვით უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 2022 წელს 0.8 მლრდ ლარი შეადგინა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2022/23 წლებში მკვეთრად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლის გამო, რაც საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს - საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და აღემატება სხვა მრავალი ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს (8.4%) და აშშ-ს (5.1%).

ის რომ საქართველოს აქვს რეალური შანსი გახდეს განათლების ჰაბი ადასტურებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, ინტერესი ცალსახად მზარდია, თუმცა მას რამდენიმე ძირითადი გამოწვევა აფერხებს.

შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ გამოწვევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი განათლებაა, რომლის მოლოდინიც აქ ჩამოსულ სტუდენტებს აქვთ. მისი განმარტებით, ქვეყანამ ამ კუთხით განათლების ხარისხი უნდა შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა საქართველოს, როგორც შესაძლო განათლების ჰაბს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგება.

“უცხოელ სტუდენტს სჭირდება მაღალი ხარისხის განათლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ისინი განათლებას მიიღებენ. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომლებიც ინგლისურენოვანი პროგრამების მართვას და სწავლებას მოახდენენ. ამის საკადრო რესურსის განვითარება და არსებობა ცოტა პრობლემატურია, იმიტომ რომ ბევრი არ არის ასეთი ინგლისურენოვანი ადამიანი, შესაბამისად ამ თვალსაზრისით გამოწვევა იქნება.

ეს გამოწვევა იქნება ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმიტომ რომ თუ კი ხარისხი დავარდა და აღმოჩნდა, რომ უცხოელი სტუდენტები კი იღებენ დიპლომებს, მაგრამ ეს სპეციალისტები ვერ ახერხებენ მაგალითად სალიცენზიო გამოცდების ჩაბარებას ეს ჩვენს პრესტიჟზე დიდ დარტყმას მიიტანს.”-ამბობს განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე.

ცნობისთვის, galt & taggart-ის კვლევის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების მზარდ რაოდენობას თავისი ეფექტი ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლებზეც. ბოლო 10 წელში ის 83 მილიონიდან 312 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები