მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ღვინო ბუნებრივად ნახევრად ტკბილი აღარ არის, მას უფლება არა აქვს ქინძმარაულის სახელი ატაროს“

63c5761b9adb9
ალა ისპირიანი
16.01.23 20:07
3777
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ორი ინსტრუმენტი არსებობს, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. ეს იმას უზრუნველყოფს, რომ საწარმოში არსებული ღვინის დამზადების პროცესი კანონმდებლობას შეესაბამებოდეს. ლევან მეხუზლამ გადაცემა „ საქმის კურსში“ განმარტა, რომ დარღვევის გამოვლენა ღვინის ჩამოხარისხებას იწვევს.

„მაგალითად, თუ ღვინო ბუნებრივად ნახევრად ტკბილი აღარ არის, მას უფლება არა აქვს ქინძმარაულის სახელი ატაროს. დარღვევის გამოვლენის შემდეგ ღვინის რეალიზაცია ხდება არა ქინძმარაულის სახელით, არამედ შესაბამისი სახელწოდებით, მაგალითად ალაზნის ველი, ფიროსმანი და ა.შ. 

ინსპექტირებას სერტიფიცირების პროცესში ვახორციელებთ ხოლმე. სერტიფიკატის გაცემის შემდეგ კი, თუ ისევ რაღაც დარღვევაა, ამას ჩვენი კონტრაქტორები ამოწმებენ. ამ შემთხვევაში მოწმდება არა ხარისხი, არამედ ის, თუ რამდენად შეესაბამება მეწარმის მიერ წარმოდგენილი ნიმუში იმ პარტიას რომელსაც ის საზღვარგარეთ აგზავნის. თუ აცდენაა მაშინ ჯარიმა გამოიწერება და გაცემული სერტიფიკატი უქმდება. მწარმოებელს სურვილის შემთხვევაში კი ეს პარტია ხელახლა სერტიფიცირების პროცესს გადის. რაც შეეხება ჩვენ მიერ განხორციელებულ ინსპექტირების რაოდენობას, ის 240-ზე მეტია ", - ამბობს მეხუზლა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინა. გასული წლის განმავლობაში შემოწმება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, 2022 წელს, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ღვინის მწარმოებელ 48 კომპანიაში. აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები