მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მთავრობა ბიზნესს არ დაეხმარება, ბიზნესი გაჩერდება, მოხდება კოლაფსი - ალექსანდრე რატიშვილი

6081679375a43
ელენე გოგბერაშვილი
22.04.21 21:37
1582
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერ პაკეტს ვადა ეწურება. მთავრობა ამბობს, რომ საგადასახადო შეღავათების გაგრძელება აღარ იგეგმება, თუმცა კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი არსად წასულა და თუ მთავრობა ბიზნეს აღარ დაეხმარება, ეს ბაზრიდან მათ გაქრობას გამოიწვევს.

„შეღავათები შეეხო თითქმის ყველა ბიზნესს, განურჩევლად სექტორული მიმდინარეობისა და რასაკვირველია ეს იყო სწორი ნაბიჯი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ის მდგომარეობა, რაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკაში, ეს არ არის ეკონომიკური კრიზისი, ესაა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, შესაბამისად ამ პრობლემის ეკონომიკური მეთოდებით მკურნალობა წარმოუდგენელია, ეს ჯანდაცვას უფრო უკავშირდება, ვიდრე ეკონომიკას, მაგრამ ეკონომიკაში რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს.

ისევ და ისევ უნდა გაგრძელდეს შეღავათები და დახმარებები. სხვა გზა არცერთ ქვეყანას მსოფლიოში ჯერ არ მოუგონია, საქართველომაც გაიარა ეს გზა, თუმცა როდესაც ამოიწურება ეს შანსი, რაც მთავრობისგან მიიღეს, არ უნდა გაჩერდეს და კიდევ რაღაც პერიოდით გაგრძელდეს მანამ, სანამ ჯანდაცვის მხრიდან პანდემიას არ მოევლება. არავინ იცის პანდემია როდის დამთავრდება და ჩვენ ვერ დაველოდებით ამას, იმიტომ რომ ამასობაში თუ ეს დახმარება არ იქნება გაწეული, ბიზნესი გაჩერდება, მოხდება კოლაფსი და მერე არც არავის დასჭირდება ეს დახმარება და მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ, არც დასახმარებელი სახსრები იქნება. ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ის ბიუჯეტი, საიდანაც შემდგომ მთავრობა ახორციელებს დახმარების გაცემას?!

ამიტომ ეს ძალიან მძიმე პრობლემაა, თუმცა უდავოა ერთი რამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა გიჭირდეს უნდა გაგრძელდეს ბიზნესის დახმარება, განსაკუთრებით იმ სექტორებში მოღვაწე ბიზნესების, რომლებიც უშუალოდ პირველ ხაზზე დგანან, ესენია ტურიზმი, სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესები.

მათთვის დაწესებული შეღავათი არ არის საკმარისი, რადგან თუ ტურიზმი არ გაიხსნა მათ გარდა დაკეტვისა და გაკოტრებისა, სხვა გზა არ რჩებათ. ამის დაშვება არ შეიძლება. უკვე ათასობით რესტორანი გაჩერდა, დაიკეტა. მათ გახსნას არანაირი პერსპექტივა აქვს. არ უნდა დავუშათ 200 000 ადამიანს, ვინც უსამსახუროდ დარჩა, კიდევ 200 000 დაემატოს“, - აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები