მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რუსეთი გაითიშება სვიფტიდან, ამას გადაიტანს, ხოლო ევროპა დარჩება გაზის გარეშე - Renaissanse Capital

62111ace89f2e
ინგა მურუსიძე
19.02.22 23:14
8870
Renaissanse Capital-ის წარმომადგენელი, სოფია დონეცი მიიჩნევს, რომ რუსეთი დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს „გადაიტანს“. საკითხზე მან ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

რა არის ის შედეგები, რაც უნდა გაითვალისწინოს მსოფლიომ თუკი რუსეთის გათიშვა სვიფტიდან მართლაც რეალურად დადგება დღის წესრიგში? - ჰკითხ დონეცის გადაცემის წამყვანმა.

„როცა სვიფტზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ყველა ტიპის ყველა ტიპის ტრანზაქციაზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის არის განკუთვნილი. როდესაც ქვეყანა სვიფტიდან ჩახსნილია, ავტომატურად იზრდება ყველა ტრანზაქციის ხარჯი. გადაიტანს თუ არა რუსეთი ამას? რუსეთი გადაიტანს. რუსეთს აქვს ადგილობრივი გადახდების სისტემა, აქვს შესაძლებლობა შეცვალოს თავისი ოპერაციების მარშრუტები. თუ რუსეთი ითიშება სვიფტიდან, ევროპა რჩება გაზის გარეშე. ეს ძალიან მკაცრი და მძიმე სანქციაა“, - ამბობს სოფია დონეცი.

მისივე განმარტებით, რუსულ ფინანსურ სისტემას აქვს შესაძლებლობა, ევროს და დოლარის გარეშე იფუნქციონიროს, ხოლო რუსეთის ეკონომიკის დოლარიზაცია საკმაოდ ზომიერია დოლარის და ევროს პროპორციების თვალსაზრისით დეპოზიტებში.

„ეს მაჩვენებელი 30%-ზე დაბალია. მე როგორც რუსეთში ბაზირებული ინვესტორი ვამბობ, რომ არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ბაზრისგან გათიშულია დღეს, ამ გლობალიზებულ რეალობაში. სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანს მოუწევს, სხვა საქმით დაკავდეს, თუ ეს მკაცრი სანქციები შევა ძალაში. მაგრამ თუ ამასთან ერთად დავსვამთ უფრო მნიშვნელოვან კითხვას - გადაიტანს თუ არა რუსეთი ამ სანქციებს? დიახ, გადაიტანს. ამდენად, იმუშავებს თუ არა ამ ტიპის სანქციები? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის იმუშავებს. თუ სანქციებს იმისთვის ვაწესებთ, რომ რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა დავაზიანოთ - მაშინ, დიახ, იმუშავებს. თუ იმისთვის ვაწესებთ, რომ ქვეყნის ქცევა შევცვალოთ - მაშინ, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა, არ იმუშავებს. ამ კუთხით უმიზნო სანქციები იქნება, რაც არ შეცვლის რუსეთის ხელისუფლების ქცევას“, - თქვა მან.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის არგაშვებას, Renaissanse Capital-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მომზადდა როგორც ალტერნატივა, ხოლო მის გარეშე რუსეთის ექსპორტი არ შემცირდება.

„ამ პროექტის გაჩერება არ ამცირებს ექსპორტის წილს, ამცირებს ექსპორტის ზრდის პერსპექტივას ან რუსული ექსპორტის მარშრუტის ცვლილების პერსპექტივას. ეს ყველაფერი პოტენციალს ეხება და არა ექსპორტის მიმდინარე მოცულობების შემცირებას. ამდენად ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაჩერება ნულთან მიახლოებული ეფექტის მატარებელი იქნება. რა თქმა უნდა, საწყენი იქნება თუკი მთელი ეს ხარჯი, რაც რუსეთმა ამ პროექტის მშენებლობაზე გასწია, წყალში ჩაიყრება, მაგრამ აქაც - ეს ხარჯი უკვე დაფინანსებულია და გაზპრომის ბალანსმა ის უკვე მოინელა. ამდენად, თუ ნორდ სტრიმ 2-ის პროექტის სერტიფიცირება არ მოხდება და პროექტი გაჩერდება, ეს მხოლოდ პოტენციალზე იმოქმედებს“, - აღნიშნავს სოფია დონეცი.
Renaissanse Capital-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ როცა დასავლეთი არ დააწესებს მკაცრ სანქციებს, დააწესებს ზომიერ სანქციებს და გავლენას იქონიებს ინვეტორთა მოლოდინებზე და განწყობებზე, რომელთა აღდგენის ტემპიც ძალიან ნელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები